ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ვიღაცებს უნდათ, ხელოვნური აჟიოტაჟით კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა” – კობახიძე ირაკლი ბებუას საქმეზე

დღეს „ლელომ“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია გამართა.

აღნიშნულ აქტივობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

„ყველაზე პრობლემური ქეისი არის ბებუას შემთხვევა, სადაც ვერ ხერხდება უკვე რამდენიმე წელია წარმატების მიღწევა, თუმცა ყველაფერი კეთდება ბუნებრივია ამისთვის. და ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება, ეს უსარგებლო აჟიოტაჟი რასაც ეხლა აქციის სახით ვხედავთ, რაც ნაკლები უსარგებლო აჟიოტაჟი იქნება ამ თემის გარშემო, მით უფრო გამარტივდება ამ საკითხში წარმატების მიღწევა. მაგრამ მე მგონი, აქაც უნდათ ვიღაც ვიღაცებს, რომ ხელოვნური აჟიოტაჟით, ჭარბი აჟიოტაჟით კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა“, – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის “დროშის” დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად, რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე, ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.
ამასთან, ბოლო პერიოდში საუბარია ბებუას ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობაზე.

იტვირთბა....