ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება” – ბოკუჩავა

აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“თუ ამ დრომდე არსებობდა კითხვები ხელისუფლების საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, ახლა ეს კითხვები პასუხგაცემულია და განსაკუთრებით პასუხგაცემულია რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ახლა აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პროდასავლელ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზების შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, აშშ ფორმალურად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღების გადაწყვეტილების ნაწილი, ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა, თუმცა აშშ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ საუბრების და მოლაპარაკებების, რომელიც წინ უსწრებს ამ გადაწყვეტილებას. აქაც, რა თქმა უნდა, ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შეასრულოს ეს რეკომენდაციები, არ განახორციელოს რეფორმები „რუსულმა ოცნებამ“ და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიზანმიმართული საბოტაჟირება მოახდინონ. ჩვენ აშშ-ის დედაქალაქსა და ევროპულ დედაქალაქებშიც გავიმეორეთ ის გზავნილი, რომ ამ ისტორიულ მომენტში აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია და საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, ჩვენ შეხვედრებზე ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნების წინ საქართველოში მაღალი დონის დელეგაციები, რეზოლუციები და მოსმენები.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მას დააკვირდნენ გრძელვადიანი დამკვირვებლები. მივიღეთ პირობა, რომ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება საქართველოში“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....