კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” საქართველოში ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადიცია ამ დილით განხორციელდა. იგი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იყო და 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს.
დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მას ბრალად ედება თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება.
“მასტერა” უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა.