პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს კენჭისყრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, პარტია დღევანდელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
„იმდენად მძიმე გარემო გვაქვს. ვიცით, გუშინ მდინარაძემაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფარულად, ცალკეულ დეპუტატებთან და ეს სანახევრო სიმართლეა, რადგან რეალურად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ არა მხოლოდ ცალკეულ დეპუტატებთან, არამედ ცალკეულ პარტიებთანაც, ამიტომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიდან რაციონალურ მოლოდინს ვერ ვხედავ, ყველასგან მაქვს მოლოდინი ამ ცდუნებაში შესვლის, რასაც შეიძლება “ქართული ოცნებიდან” სთავაზობდნენ. შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო ჩვენს გუნდზე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ თითოეული იმ დეპუტატის პასუხისმგებლობა, როგორც ქართული ოცნებიდან, ისე ოპოზიციიდან, რომელიც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იქნება პერსონიფიცირებული.
“ყოფილო კოლეგებო “ქართული ოცნებიდან”, ნუ დაიმძიმებთ თქვენს პოლიტიკურ ნეკროლოგს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებით და იმპიჩმენტისთვის მხარის დაჭერით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

