ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტის წევრები იყენებენ პროცედურულ ხრიკებს, რომ ჩემი უფლებამოსილება არ დამტკიცდეს” – ბოკუჩავა

პარლამენტის წევრები იყენებენ პროცედურულ ხრიკებს, რომ ჩემი უფლებამოსილება არ დამტკიცდეს -მის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ინფორმაცია, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საჯაროა, ის განთავსებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ გვერდზე. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის და შეგიძლიათ ნახოთ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ჩიქოვანია მე არ ვარ. არ ვარ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრები იყენებენ სხვადასხვა პროცედურულ ხრიკებს იმისთვის, რომ არ დამტკიცდეს ჩემი უფლებამოსილება. ბუნებრივია, „ოცნებისთვის“ გაცილებით უფრო კომფორტულია ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე ოპოზიციის გარეშე სიარული, ამიტომ ბლოკავს ოპოზიციის წევრებს.

ასე ხდება, მათ შორის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც თეონა აქუბარდიას არ აძლევენ მონაწილეობის უფლებას. აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. ასეთ ფორუმებზე სწორედ ოპოზიციას უწევს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა.

უმრავლესობის წარმომადგენლები დარბაზშიც კი არ არიან მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები მტკიცდება. მაგალითად, როდესაც კოპენჰაგენში დავაყენე შესწორება, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ნატო-ს საპარლამენტო რეზოლუციაში ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი, დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები.

ანალოგიური სიტუაცია იყო სტრასბურგშიც, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოცნების“ წევრები არ იმყოფებოდნენ დარბაზში, როდესაც პუტინს კიდევ ერთხელ აღიარებდნენ დიქტატორად – რატომ? იმიტომ, რომ მათ უწევთ პუტინის და არა საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ფორუმებზე. პუტინი არის მათი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტი და შესაბამისად, სამაგიეროს გადახდის სახით ისინი სწორედ პუტინის და რუსეთის ინტერესებს იცავენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

იტვირთბა....