უკვე ნამდვილად თვალნათლივ ჩანს, რომ ევროპული სახელმწიფოები ხედავენ და აფასებენ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ეს სასიხარულო გზავნილი არ მოსწონს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მიზანი არ არის, საქართველომ წელს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არა მარტო უნგრეთის მხარდაჭერა, არა მარტო ბულგარეთის პარლამენტის მიერ გამოხატული მკაფიო მხარდაჭერა, არამედ პრინციპში ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ყველა ლიდერის, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოთქმული მხარდაჭერა იმედს გვაძლევს, რომ გადაწყვეტილება წლის ბოლოს მიღებული იქნება საქართველოს სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება არის სწორედ იმ დამსახურებიდან, იმ რეალური პროგრესიდან გამომდინარე, რაც საქართველოს გააჩნია. არ მომერიდება თქმა, რომ საქართველომ, კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოლდოვისა და უკრაინის, აღმოსავლეთ და ბალკანეთის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით, მართლაც საგრძნობ პროგრესს მიაღწია“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.