ორგანიზაციები, რომლებიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე, ვალდებული არიან, რომ 2024 წლის 1 იანვრამდე თავიანთი მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. მითითებულ ვალდებულებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ იურისტ ქეთევან ზანდუკელს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ მონაცემთა განახლების პროცესში, კომპანიები სხვადასხვა ტიპის პრობლების წინაშე დადგნენ.
ქეთევან ზანდუკელის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ კანონი განსაზღვრავს გარკვეულ ჩარჩოს, ხოლო პროცედურა კი ბევრი წინასწარ უცნობი ნიუანსისგან შედგება. ამდენად, კომპანიები დგანან ისეთი გამოწვევის წინაშე, რომ ხშირად დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ საჭირო პროცედურის წარმატებით გავლას.
„2021 წლის აგვისტომდე საქართველოში რეგისტრირებული ყველა კომპანია ვალდებულია განაახლოს თავისი მონაცემები მეწარმეთა რეესტრში. ვადა წლის
ბოლომდეა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კომპანიების რეგისტრაცია გაუქმდება, ანუ აღარ იარსებებს. „კომპანიის მონაცემების მეწარმეთა შესახებ
საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა“, – ასე განმარტავს აღნიშნულ ვალდებულებას კანონი, თუმცა პირდაპირ არსადაა გაწერილი თუ კონკრეტულად რა პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს ცვლილება.
ცხადია, არსებული საკანონმდებლო რეგულაციის სრულყოფილი ანალიზის შედეგად, იურისტები ვახერხებთ წარმატებით დავასრულოთ რეგისტრაცია, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც მხოლოდ პრაქტიკაში იკვეთება და მათი წინასწარ გათვლა შეუძლებელია.
სარეგისტრაციოდ მომზადებული დოკუმენტაციის სამეწარმეო რეესტრში წარდგენის შემდეგ, ხშირია ხარვეზის დადგენის ფაქტები, მათი გამოსწორების შემდეგ კი, შესაძლოა, ხარვეზი სრულიად სხვა საკითხზე დადგინდეს (რაც წინასწარვე შეეძლოთ მიეთითებინათ). აღნიშნული იწვევს არაერთხელ მისვლის საჭიროებას, დროისა და ემოციური რესურსის ხარჯვას და, საბოლოოდ, არ არსებობს გარანტია, რომ რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება.
ასევე ხშირია შემთხვევები, როცა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შინაარსზე ოპერატორები დარწმუნებით გიცხადებენ, რომ საბუთები არასაკმარისი ან არასრულად შედგენილია, რა დროსაც აღნიშნულ საკითხში გამოცდილი იურისტის გარეშე, მეწარმეები აღარ წარადგენენ დოკუმენტებს და მიღებული კონსულტაციის შედეგად ფიქრობენ, რომ გამოსავალი არ არსებობს. გვქონდა არაერთი შემთხვევა და დადებით შედეგსაც მივაღწიეთ, როცა დაჟინებით მოვთხოვეთ ოპერატორს მიეღო დოკუმენტები და დაველოდებოდით მარეგისტრირებლის ოფიციალურ გადაწყვეტილებას.
ათეულობით კომპანიისთვის გაწეულმა მომსახურებამ ნათლად დაგვანახა, რომ კომპანიები დგანან ისეთი გამოწვევის წინაშე, რომ ამ მიმართულებაში გამოცდილი იურისტის დახმარების გარეშე ხშირად შეუძლებელია საჭირო პროცედურის წარმატებით დასრულება.
განსხვავებული დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენაა საჭირო, იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტნიორია კომპანიაში და როგორ არის მათ შორის წილები გადანაწილებული; სურთ თუ არა წესდებით კანონისგან განსხვავებულად მოაწესრიგონ დირექტორისა თუ დამფუძნებლების უფლება-მოვალეობები; აქვს თუ არა კომპანიას კაპიტალი ან აპირებს თუ არა კაპიტალის განთავსებას; არის თუ არა ყველა პარტნიორს შორის აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმება და აშ. ამ და სხვა საკითხების გარკვევის შემდეგ, ჩვენს მიერ იწერება გეგმა, რომელიც შეიცავს ყველა გასავლელი პროცედურის, ვადების და საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს. კლიენტის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მისი ჩართულობის მინიმუმამდე დაყვანით, მივყვებით
პროცედურას და შედეგსაც დროულად ვაღწევთ.
გამომდინარე იქედან, რომ დღეის მდგომარეობით, გამარტივებულია დისტანციური სერვისები, არაერთ კომპანიას დავეხმარეთ ისე, რომ მათ დირექტორებსა თუ პარტნიორებს არც კი დასჭირდათ ჩვენს გუნდთან ფიზიკური შეხვედრა. აღნიშნულმა გაამარტივა სხვა ქალაქში ან თუნდაც ქვეყანაში მყოფი პირებისთვის მომსახურების იღება და ნაკლები ჩართულობით მიღებული ხარისხიანი შედეგით კმაყოფილები დარჩნენ“, – განაცხადა ქეთევან ზანდუკელმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომმა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი მონაცემები გამოითხოვა.
უწყების ცნობით, თავიანთი მონაცემები კანონთან შესაბამისობაში 10 379 მეწარმე სუბიექტმა მოიყვანა, მიმდინარე პერიოდისთვის კი რეგისტრირებულია 343 720 მეწარმე სუბიექტი.
ამასთან, 2022 წლის 1 იანვრიდან დარეგისტრირდა 34 668 მეწარმე სუბიექტი.

