საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მამა, ისა შახმიროვი გამოკითხვაზე დაიბარეს და მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს. ცნობილია, რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში ახლა დაბრუნდა.
“ფორმულასთან” საუბრისას მისი ძმა, ნუსა შახმიროვა ამბობს, რომ ის ცოლს, აითაჯის დედას წლების წინ გაშორდა და შვილის “გათხოვების” შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია: “ეს ჩვენთვის არ უთქვამთ”.
“მკვლელობის ამბავი ტელევიზიით შევიტყვეთ, შემდეგ გავაგებინე ჩემს ძმასაც. მასთან ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ზუსტად ვიცი, თავისი მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე”, – თქვა მან.
მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
შეგახსენებთ, რომ გოგო მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო.