ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა. როგორც სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხარვეზების მიუხედავად, კოდექსი აწესრიგებს მნიშვნელოვან პრობლემას.

“საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან, ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას: ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა.
ამავე ტექსტში გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი“ – განაცხადა დავით თევზაძემ.

იტვირთბა....