ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება გაუგებარი, არგუმენტაციას მოკლებული იქნება” – ღარიბაშვილი

საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება გაუგებარი, არგუმენტაციას მოკლებული იქნება – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მთავრობის მეთაურთან ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ამორალური და უსამართლო“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება, ეს მუდმივი პროცესია, ბუნებრივია. ჩვენ ველოდებით წლის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, მე ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი და რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, ვიცით კარგად, რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით, რა თქმა უნდა, საქართველო არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალეობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკური – მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას იქნება მოკლებული და რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....