ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასი“ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ვერ შეძლებდა – შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, – ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ირანმა კონკრეტულად და ოპერატიულად დაუჭირა მხარი „ჰამასის“ ამ თავდასხმას, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის – ისრაელთან მჭიდრო კოორდინაციითა და საჭირო კონფიდენციალურობით“, – აღნიშნა შოლცმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

იტვირთბა....