მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, მაკა ასათიანი რამდენიმე საათის წინ ტელეფონით ესაუბრა გია გაჩეჩილაძეს, ამ საუბრის და მოლაპარაკებების მიზეზი ჟურნალისტების მიერ შემუშავებული 5 პუნქტიანი მოთხოვნები იყო.
”მაკა ასათიანი ითვალისწინებს ჟურნალისტების თხოვნას, გაეცნო 5 პუნქტიან პირობებს და თვლის, რომ როგორც ადრე, ახლაც უნდა გაუწიოს ანგარიში ჟურნალისტების მოსაზრებებს ამიტომ დაიწყო კომუნიკაცია რათა გაირკვეს არსებობს თუ არა რაიმე რესურსი, მოლაპარაკების მისაღწევად, ამ დონეზე კომუნიკაცია შედგა,“ – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
შ.პ.ს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის თქმით, მთავარია, რომ მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.
“მე მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ ქალბატონმა მაკამ გამოთქვა სურვილი მოლაპარაკებების თანამშრომლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგია. სწორედ იმიტომ არის კარგი მოლაპარაკება, რომ მოლაპარაკებაზე გამოჩნდება ვინ დგას ვის მხარეს. მთავარია რომ მოლაპარაკება სწორესწარიმართოს და ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული,“ – აღნიშნა კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, „მაესტროს“ თანამშრომლებმა ხუთპუნქტიანი განცხადება გაავრცელს, სადაც ისინი ითხოვენ, რომ ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი; ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე; ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები; უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება.