ჩვენ, გუშინ, გლდანში ვნახეთ ვინ უწყობს ხელს სამოქალაქო დაპირისპირებას – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“წინა დღეს კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია იცემა თითქოს, არადა ყველას საკადრისი პასუხი გავეცით. მაგრამ ვიღაცებმა, პატარა „ქოცებმა“, ჩათვალეს, რომ ეს არის კარგი – თავი მოვაწონოთ ღარიბაშვილს, მოვაწონოთ ივანიშვილს და ამისთვის კარგია, რომ ჩვენც ადგილზე ერთმანეთს დავერიოთ, თან კრიმინალების გამოყენებითო. ეს მოხდა ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ამაში მონაწილეობდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული კრიმინალები. მაგრამ იგივე კრიმინალების, ქუჩის ენაზე, რომელიც არ მიყვარს საერთოდ, ხალხი რომელიც პოლიტიკოსის ან ძალოვნის დავალებით ასრულებს რაიმე საქმიანობას, სხვა სახელი ჰქვია კრიმინალურ სამყაროში. ვერც კრიმინალებს ვერ დავარქმევ ამ ხალხს, ესენი სხვა ხალხია, სინამდვილეში და ცუდია, რომ ამას ახალისებს „ქართული ოცნება“ და ის ძალადობა, რაც პარლამენტში ხდებოდა, არის სწორედ ამის წახალისება. მაგრამ არავის ეშინია ამის. მათი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქე დააშინონ იმ ღალატის გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს რუსულ ჭაობში ჩახრჩობა. არავის არ გამოსვლია, არავის არ გამოუვა, ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას! რაც შეეხება დაკავებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეკავებინათ კრიმინალები და ამ დრომდე, ჩვენ ვიცით, რომ დაკავებულები არ არიან, დააკავეს ადამიანები, ვინც პოლიციას მოუწოდებდა, აღესრულებინა სამართალი და შეესრულებინათ მოვალეობა, მათ შორის ნიკა მელია. ამიტომ, მე პირდაპირ გეუბნებით, არ სჭირდება ამას დიდი გამოძიება, ამ ყველაფრის უკან დგას „ქართული ოცნება“, ეს ყველაფერი წაქეზებული და წახალისებულია „ქართული ოცნების“ მიერ და ოპოზიციის ლიდერების დაკავებაც მიუთითებს ამაზე. თუ ვინმეს აქვს დაგეგმილი საქართველოში დაძაბულობის და არეულობის სცენარი, ეს არის ხელისუფლება და ყოველ დღე ადასტურებს ამას. მთავარი მოძალადე ქვეყანაში არის ხელისუფლება და ის ძალადობს ხალხზე“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

