ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ჩვენ გავხდებით რუსეთის გუბერნია“ – ეკა ბესელია

„მეტრონომი“ პოლიტიკოს ეკა ბესელიას ესაუბრა თემაზე – შესწევს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ძალა, დაძლიოს კრიზისი, რომელშიც ის პრემიერ ღარიბაშვილის ჩარტერისა და ყოფილი გენ. პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შევიდა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, ბესელიას მოსაზრებით, რამდენად აქვს ოპოზიციას მმართველი პარტიის დამარცხების რესურსი.

პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნება“ მართვის სტილით დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“. მან ისაუბრა ამ დამსგავსების მიზეზებზეც.

ბესელიამ აღნიშნა, რომ „ოცნების“ ახლანდელ ხელმძღვანელობას არ გააჩნია არავითარი პასუხისმგელობა. ისინი, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენდნენ 2016 წლამდე.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან არამზადები.

ყოფილი პარლამენტარის თქმით, თუკი „ქართული ოცნება“ არ შეიცვლება, საქართველო გახდება რუსეთის გუბერნია და დაკარგავს ევროპული ოჯახის წევრობის შანსს, ოღონდ ცვლილება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ხელისუფლება ერთპიროვნულად არ ჩაიგდოს ხელში ენმ-მ.

ბელესიამ აღნიშნა, რომ ამ ცვლილების განცხორციელებისთვის აუცილებელია მთელი ენერგიის აკუმულირება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ – ემიგრანტების მიმართულებით.

[su_quote] თუკი სრულ სურათს შევხედავთ, რომელსაც ახლა მიყვება მმართველი პარტია, სამწუხაროდ, მახსენდება წინა ხელისუფლება, რომელიც ზუსტად ასე იქცეოდა – აგენტების იარლიყის მიკერება, გადატრიალების სცენარის დაბრალება, ამაზე საქმეების აღძვრა. გვახსოვს, რომ ამ ნიადაგზე შემდეგ სერიალებს იღებდნენ, ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებდნენ.
წინა და ამ ხელისუფლების ხელწერა ჰგავს ერთმანეთს, იმიტომ რომ მართვის სტილი დაემსგავსა ერთმანეთს. ბევრი ადამიანი, საერთოდ, იგივეა. მრავალი ადამიანი გადმოპორტირდა წინა მთავრობიდან „ქართულ ოცნებაში“. ამ ადამიანების მეთოდები იგივეა. მთელი ცხოვრება სხვა არაფერი უკეთებიათ.

და რას აკეთებენ ამ ყავლგასული ქმედებებით?

თითქოს, დროს იგებენ, წლიდან წლამდე თავს გადაირჩენენ ხოლმე. ხელისუფლებას ინარჩუნებენ გაყალბებებით.

საბოლოოდ კი, ყველაფერი მიდის იქამდე, სადამდეც მივიდა 2012 წელს, როცა ყველას მობეზრდა ეს ყველაფერი და აუცილებელი გახდა იმ ხალხის ხელისუფლებისგან ჩამოშორება. იგივე განცდაა დღესაც. უმრავლესობას არ უნდა ეს ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არც წინა ხელისუფლების დაბრუნება უნდა (თუმცა იმ პარტიას ჰყავს თავისი მომხრეები), კრიტიკულ მომენტში დაგროვებული ენერგიის აკუმულირება ხდება.

აქამდე „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ინარჩუნებს გაყალბებითა და სასამართლოს ხელში ჩაგდებით, სწორედ ამის ნაწილია მერე ის უსამართლობა, რასაც ვხედავთ. მათ შორისაა კორუფციული სისტემის ჩამოყალიბება. იმ ადამიანებს, ვისაც აკონტროლებს და ვისი ხელითაც ამ უკეთურ საქმეებს სჩადის მმართველი პარტია, კორუფციულ სისტემაში რთავს.
ამის ნაწილია ღარიბაშვილის ჩარტერიც. ეს აჩვენებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირს არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობის განცდა. მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი. კობახიძე, მდინარაძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი არაფერს წარმოადგენდნენ 2012 წლამდე და არც მერე, ისინი პარტიაში 2016 წელს მოიყვანეს. ამ ხალხმა კობახიძესთან ნაცნობობის თუ კურსელობის გზით შეაღწიეს „ქართულ ოცნებაში“.

დღეს ხელისუფლებაში არიან არამზადები. როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, რად გინდათ კანონების დაწერა, როცა ხელისუფლებაში არამზადები არიან, რა კანონი უშველით მათო.

ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. როცა ამდენი ხანი ხარ ხელისუფლებაში, ტკბები ძალაუფლებით და ირყვნები. ეს ცვლილება კი უნდა მოხდეს ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიეცეს ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა. ისინი, ალბათ, მანდატებს მიიღებენ, თუმცა კოალიციურად, კრებსითად, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ მეტი მანდატი. ეს იქნება რთული მოცემულობა, მაგრამ იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღეს. სხვაგვარად ჩვენ გავხდებით რუსეთის გუბერნია. თუ ეს ხელისუფლება დარჩება, ჩვენ დავკარგავთ ევროპულ ოჯახში შესვლის საშუალებას.

ცვლილებისთვის საჭირო ენერგია უნდა ვიპოვოთ. პატარა ქვეყანა ვართ. მეორე საქართველო ქვეყნის გარეთაა, მაგრამ უნდა მოხერხდეს მობილიზება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ერთი დღე, არჩევნების დღე, თითოეულმა ადამიანმა მიუძღვნას თავის სამშობლოს. ვისაც შეუძლია, ჩამოვიდეს და აქ მისცეს ხმა, ვისაც შეუძლია იქ, უცხოეთში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მათ არ უნდა მისცენ ხმა მმართველ პარტიას.

თუკი ჩვენ ვერ დავინახავთ დიდ სურათს, მაშინ ჩვენივე თავს უნდა დავაბრალოთ, რაც გვჭირს და არსად არ უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები. [/su_quote]

– განაცხადა ეკა ბესელიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....