ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია თურნავა-ფარცხალაძის კავშირებზე

პარტია “დროას” თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ, საგანგებო ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან არსებული შესაძლო კავშირების შესახებ ისაუბრა.

„2021 წელს, როცა თურნავა რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია “საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯთან”, რომლის დამფუძნებელიც არის რუსი ოლიგარქი, ოთარ ფარცხალაძის ბიზნეს პარტნიორი რომან ბოკერია. ის, მისი მეუღლე და ოჯახი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებში როგორც ფრენების აღდგენის საკითხში, ისე მუშაობენ რკინიგზის აღდგენაზე. ის საკმაოდ საინტერესო და ბინძური ფიგურაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და სწორედ ამ კომპანიასთან მოაწერა ხელი მემორანდუმს, სადაც მათ ჰპირდება ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელის შეწყობას. ზუსტად ამ რომან ბოკერიასთან ერთად, ოთარ ფარცხალაძე 2022 წელს მოსკოვში აფუძნებს იდენტურ კომპანიას, მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯს, სადაც ფარცხალაძე არის 5-%-ის მფლობელი. ანუ, ჯერ კიდევ 2021 წელს ნათია თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში როგორც ფაცხალაძესთან, ისე რუს ოლიგარქებთან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ეს კარგად აჩვენებს, რამდენად დიდია ის პრობლემა, რასაც ჩვენ ფარცხალაძის სანქცირების შედეგად წავაწყდით, რომ ეს აგენტურა არის არა მხოლოდ ფარცხალაძის, არამედ ფარცხალაძე არის აისბერგის წვერი, რომელმაც გახსნა მოღალატეობრივი “ქართული ოცნების” რეჟიმის რუსულ ინტერესებზე მუშაობა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, გუშინწინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

3 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

ასევე მედიაში გავრცელებული ცნობით, გუშინ, 20 სექტემბერს, ფარცხალაძემ თავისი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა.

იტვირთბა....