ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სებ-ის ხმაურიანი გადაწყვეტილებით, მთავრობა ცდილობს, მომავალში დასასანქცირებელ პიროვნებებს იმუნიტეტი შეუქმნას“ – ლევან სამუშია

„მეტრონომი“ სებ-ის ხმაურიანი გადაწყვეტილების, საზოგადოების რეაქციისა და ოპოზიციის რესურსის შესახებ „ლელოს“ წევრს, ლევან სამუშიას ესაუბრა.

სამუშიას თქმით, ამ ვითარებაში მთავარი საზოგადოების მხრიდან სწორი შეფასების გაკეთებაა.

მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აღარც მალავს, რომ პირდაპირ რუსეთზეა მიბმული. რაც შეეხება სებ-ის ბრძანებულებას, სამუშიამ განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს, მომავალში დასასანქცირებელ პიროვნებებს ერთგვარი იმუნიტეტი შეუქმნას.

ოპოზიციასთან მიმართებით კი ლევან სამუშიამ უშუალოდ „ლელოზე“ ისაუბრა და გვითხრა, რომ „ლელოსთვის“ საქართველოს დასავლური მომავალი არის ამოსავალი წერტილი და პარტია ამისთვის იბრძოლებს ყოველთვის.

[su_quote] ამ ვითარებაში მთავარი საზოგადოების მხრიდან სწორი შეფასების გაკეთებაა და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ პროცესს სწორად აფასებს.

„ოცნების“ წარმომადგენლები აღარც მალავენ, რომ პირდაპირ რუსეთზე არიან მიბმულები. მათ ერთი ადამიანის გამო მთელი ქვეყნის ფინანსური მდგრადობა დააყენეს რისკის ქვეშ. მათ ეს არც აინტერესებთ.

თუმცა აქ მხოლოდ ფარცხალაძეზე არ არის საუბარი. სებ-ის ხმაურიანი გადაწყვეტილებით, მთავრობა ცდილობს, მომავალში დასასანქცირებელ პიროვნებებს ერთგვარი იმუნიტეტი შეუქმნას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს მათ ვერ უშველის.

რაც შეეხება უშუალოდ „ლელოს“ პოზიციას, ჩვენი პარტია, ბუნებრივია, კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებს და იყენებს ყველაფერს, რათა ქვეყანაში დასრულდეს რუსული მმართველობა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება, არჩევნების გზით, „ოცნებას“ გაისტუმრებს ხელისუფლებიდან და ქვეყანა ამ სირცხვილს ჩამოირეცხავს.

„ლელოსთვის“ საქართველოს დასავლური მომავალი არის ამოსავალი წერტილი და პარტია ამისთვის იბრძოლებს ყოველთვის. [/su_quote]

– განაცხადა ლევან სამუშიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინწინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

3 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

ასევე მედიაში გავრცელებული ცნობით, გუშინ, 20 სექტემბერს, ფარცხალაძემ თავისი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა.

იტვირთბა....