საქართველოს ეროვნული ბანკის ხმაურიანი გადაწყვეტილებისა და აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ ქონების დაყადაღებისაგან შესაძლო თავის დაღწევის საკითხზე „მეტრონომი“ პარლამენტარ რომან გოცირიძეს ესაუბრა.
გოცირიძის თქმით, გამოსაძიებელია, რატომ არ გამოაცხადა ეროვნულმა ბანკმა ანგარიშების გაყინვა პარასკევს დილითვე და რატომ გააკეთა ეს საღამოს?
დეპუტატის აზრით, ამით ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მიეცა, თავისი ფული რუსეთში გადაეტანა.
ამასთან, გოცირიძის აღნიშვნით, ეჭვს, რომ ფარცხალაძე სანქციიდან თავის დაღწევას ცდილობდა და მას ამის საშუალება მისცა მთავრობამ, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 20 სექტემბერს მან ქონება შვილის სახელზე გადააფორმა.
[su_quote] ჩვენი ეჭვები გამართლდა. ვნახეთ, რომ 20 სექტემბერს ფარცხალაძემ მთელი თავისი ქონება გადაუფორმა შვილს, მათ შორის, უძრავი ქონება და ბიზნესები.
ამერიკული სანქციები ითვალისწინებს 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის დაყადაღებას და ერთ-ერთი კომპანია არის სწორედ ისეთი, რომლის 100%-ც ფარცხალაძეს ეკუთვნის.
სებ-თან გავგზავნე სადეპუტატო შეკითხვა და ვალდებული არიან, რომ მიპასუხონ: რატომ არ გამოაცხადა ეროვნულმა ბანკმა ანგარიშების გაყინვა პარასკევს დილითვე. მათ ეს გააკეთეს საღამოს და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფარცხალაძეს ჰქონდა საშუალება, რომ ფული გადაეტანა რუსეთში.
რაკი ქონების შვილზე გადაფორმება ასე სწრაფად მოხდა, ეს ადასტურებს იმას, რომ ამ ქონებასაც ემუქრებოდა ყადაღის საფრთხე, თორემ რატომ გადაიტანდა?
ამრიგად, მთავრობაც დამნაშავეა, რადგან აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა ფარცხალაძე, მაგრამ ხელისულებამ 20 სექტემბრამდე მისცა მას ქონების სხვაზე გადაფორმების საშუალება. მთავრობა იტყვის, რომ ისინი მოიქცნენ ეროვნული ბანკის ახალი ჩანაწერის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე სანქცია არ გავრცელდება, თუმცა სებ-ის ახალი დადგენილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებს ეხება. ამდენად, თავისი მოქმედებით მთავრობამ ხელი შეუწყო იმას, რომ ფარცხალაძეს სანქციები დაერღვია. [/su_quote]
– განაცხადა რომან გოცირიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გუშინწინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.
ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
3 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.
ასევე მედიაში გავრცელებული ცნობით, გუშინ, 20 სექტემბერს, ფარცხალაძემ თავისი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა.