ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის წევრებად წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს უკან გაიწვევს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის წევრებად წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს უკან გაიწვევს.

მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაც მიუთითებს.

„როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეს არ იყო ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული. ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო. კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. უკან გაწვევის რა მექანიზმები არსებობს, დეტალებში არ შევალ, რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, თუ ვინმე მას არღვევს, არღვევს უმრავლესობა კონსტიტუციის 68- ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია და ყოვლად მიუღებელი. თუ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ გაწვეული არიან. თუ უარს არ იტყვიან, კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ასეთი თანხმობა არ არსებობს. თუ უყრიან კენჭს და გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი ნება იქნება”, – განაცხადა მსხილაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ სებ-ის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას ხმაურიანი გადაწყვეტილების გამო, ეროვნულ ბანკში თანამდებობები დატოვეს ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ (ვიცე-პრეზიდენტების) და გიორგი ბაქრაძემ (პრეზიდენტის მრჩევლის).

აღნიშნულ ბრძანებას გაეცანით აქ.

იტვირთბა....