ახალი ამბები მედია მთავარი

გიორგი გაჩეჩილაძე ელისო კილაძეს ქარტიაში”უჩივის.

საქმე ეხება 28 თებერვალს, გაზეთში კილაძის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც კილაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს ტელევიზიაში.

განცხადების მიხედვით, ჟურნალისტი მთელ სტატიას წერს წყაროზე დაყრდნობით და არ აქვს არცერთი მხარის კომენტარი.

განცხადება

(საქმისწარმოების დაწყების შესახებ)

მივიჩნევ, რომ ჟურნალისტმა/რედაქტორმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპ(ებ)ი.

მოგმართავთ, რათა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შეისწავლოთ/განიხილოთ დარღვევის ფაქტი.

პერსონალური/პროფესიული მონაცემები ჟურნალისტის/რედაქტორის, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით აღიარებული პრინციპები

ელისო კილაძე, გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი, მის: ქ. თბილისი, გუდაურის ქ. N7, მე-3 სართული, ტელ: 294 69 77.

კონკრეტული ფაქტების/გარემოებები, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ჟურნალისტის/რედაქტორის მიერ ქარტიის პრინციპების დარღვევას

2016 წლის 28 თებერვალს გაზეთ ქრონიკა +“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ელისო კილაძის სტატია სახელწოდებით „უცნობი მაესტრო – გია გაჩეჩილაძეს ერთი მილიონი ვანო ჩხარტიშვილმა გადაუხადა?“ (შემდგომში – „სტატია“).

სტატიაში დასახელებულია ფაქტები, რომლებიც თითქოსა ავტორმა მიიღო ანონიმური წყაროდან. ავტორი დაუსაბუთებლად მიუთითებს ტრანსაქციებზე, რომლებიც თითქოსდა წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, ძმები გაჩეჩილაძეებისა და სხვა პირებს შორის. სტატიაში საუბარია საიდუმლო შეხვედრებზე, ფულის გადაცემაზე, რომელთა არსებობის დასასაბუთებლადაც ავტორი მხოლოდ ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მიუთითებს.

მაგალითისთვის, ავტორი მიუთითებს, რომ „2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს ვანო ჩხარტიშვილმა დაურეკა. „ქრონიკა+“­ის წყაროს ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილს ლონდონში უკვე ჰქონდა დაფუძნებული მედიასახლი და „ქართულ ოცნებას“ საგარეო ფრონტზე დახმარებას ჰპირდებოდა. მან მომავალ პრემიერს „მაესტროს“ ყიდვა 12 მილიონად შესთავაზა.“ (სტატია, 6); „[ძმები გაჩეჩილაძეებისგან] თანხმობის მიღების შემდეგ კი ფულის გადახდა ვანო ჩხარტიშვილისთვის დაუვალებიათ იმ პირობით, რომ ბიძინა ივანიშვილი მოგვიანებით მას ამ თანხას გაუსტუმრებდა. გადაიხადა თუ არა ჩხარტიშვილის ვალი ივანიშვილმა, ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ მინდობილობა გაფორმებულა და გია გაჩეჩილაძეს ვალდებულებაც აუღია, რომ მის კუთვნილ წილს დანარჩენ დამფუძნებლებს გაუფორმებდა.“ (სტატია, 7).

განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა/რედაქტორმა  დაარღვია ქარტიის პრინციპები

ჟურნალისტმა სტატიაში აღწერს დაუზუსტებელ ინფორმაციას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი პრინციპის თანახმად,  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მოცემული ნორმის ოფიციალური განმარტების თანახმად, უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენავისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.“

ჟურნალისტი თავის სტატიაში მიუთითებს მხოლოდ ერთი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. არ იკვეთება ჟურნალისტის არანაირი მცდელობა, გადაემოწმებინა მოცემული ფაქტების სისწორე, ან მოეძებნა სხვა წყაროც, რომელიც მონაცემების სიზუსტეს დაასაბუთებდა.

სტატიაში მოცემული წინადადებები ჩამოყალიბებულია თურმეობითი ფორმით (მაგ.: „მაგრამ მინდობილობა გაფორმებულა“; „მისი სტატიები გუბაზ სანიკიძეს, თურმე, ნერვებს უშლიდა“; გია გაჩეჩილაძის ხსენებაზე ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულა“ და ა.შ.). შესაბამისად, აშკარაა, რომ ჟურნალისტი გადმოსცემს ერთი კონკრეტული წყაროს ნაამბობს, და არ აქვს გადამოწმებული ეს ინფორმაცია.

ამასთან, სტატია არ შეიცავს არც ერთი მხარის კომენტარს. ჟურნალისტი არ მიუთითებს არც იმ გარემოებაზე, რომ სცადა რომელიმე მხარის კომენტარის მოპოვება”. – ნათქვამია განცხადებაში.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის თავად არ არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ხელმომწერი, ის აპირებს ამ განხილვას დაესწროს და გაჩეჩილაძეს დავიწყებული ფაქტები გაახსენოს.

“იმდენად ზუსტი იყო ეს ინფორმაცია, რომელიც გამოვაქვეყნე, რომ გია გაჩეჩილაძემ ნამდვილად გაყიდა თავის წილი არჩევნების წინ და ამაშინ ფული გადაიხადა ვანო ჩხარტიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, ეტყობა გაჩეჩილაძეს ყველაზე უფრო გულზე ეს მოხვდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეჩივლა ჟურნალისტური ეთიკის ქართიის საბჭოში, ოღონდ მან ვერ გაითვალისწინა ერთი რამ – მე არ ვარ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქართიის ხელმომწერი და არანაირი ვალდებულება არ მაქვს ამ ქარტიაში მივიდე, მაგრამ ამის მიუხედავ მე აუცილებლად მივალ განხილვაზე და აუცილებლად წერილობით ვუპასუხებ გია გაჩეჩილაძის საჩივარს და აუცილებლად გია გაჩეჩილაძეს გავახსენებ იმ ფაქტებს, რომელიც მას არ ახსოვს 2007 -2008 წლებიდან, აუცილებლად გავახსენებ ბადრი პატარკაციშვილის გადაგდებას ანალოგიურ სიტუაციაში, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციისკენ შავნაბადას გზას გივი თარგამაძესთან და ზარალასთან ერთად და იმ გარიგებებს რომელშიც ეს ძმები პოლიტიკურ არსპარეზე მონაწიელობდნენ. მე ვფიქრობ რომ ეს არის მისთვის გარკვეულ წილად თავის დაზღვევა, მაგრამ არ გამოუვა. მე ყველაფერი ვიცი “ახლების” მოღვაწეობის თაობაზე დაწყებული, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბიდან, დასრულებული სახალხო კრებასთან მათი ვაჭრობით”. – აცხადებს კილაძე.

“მეტრონომთან” საუბარში “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციას გაჩეჩილაძის საკითხს განსახილველად ერთ თვიანი ვადა აქვს.

“ქარტია განიხილავს როგორც ხელმომწერი, ისე არახელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ შემოსულ განცხადებებს. აქ განსხვავება არის ვადებში. მაგალითად, თუ ხელმომწერი ჟურნალისტების საკითხის შემთხვევაში სამი თვის ვადა არის. არახელმომწერის შემთხვევაში ქარტია საჩივარს ერთი თვის ვადაში განიხილავს. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაირღვა თუ არ დაირღვა სადაო მუხლი, რაზეც განმცხადებელი უთითებს და ეს უკვე ჟურნალიტის საქმეა რამდენად გაითვალისწინებს ან არ გაითვალისწინებს შემდეგ საქმიანობაში”. – აცხადებს ძველიშვილი.

იტვირთბა....