საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.
ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
გუშინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
სებ-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია გამოეხმაურა.
„დღეს, 20 სექტემბერს, 17 საათზე – ეროვნულ ბანკთან, (იუსტიციის სახლის შენობა) ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას.
ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს…
ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას.
დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას.
შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ!“, – წერს ის.