ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური მომხსენებელ ჯერარდ ქვინის საქართველოში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ მისი მხრიდან ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შშმ პირთა უფლებების გასამტკიცებლად“.
რატი იონათამიშვილმა თავის გამოსვლაში სპეციალური მომხსენებლის ჯერარდ ქვინის, რომელიც ამავდროულად არის გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, ვიზიტი შეაფასა.
„ბატონმა ჯერარდმა დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება შშმ პირთა სოციალურ მოდელზე გადასვლისთვის დგამს. ასევე დადებითად შეფასდა ის კანონი, რომელიც შშმ პირთა უფლებების შესახებ 2020 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი შეფასება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისადმი, სადაც პრიორიტეტულია შშმ პირთა უფლებები და ეს ორმაგად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესში. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ გამოწვევების ნათლად დანახვის უნარი მეტყველებს ქვეყნის პოტენციალზე ინკლუზიური საზოგადოების მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი განცხადებით, ეს არის დამატებითი მოტივაცია და სტიმული იმისთვის, რომ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით იმუშაოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა შშმ პირთა უფლებების განსამტკიცებლად. რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნულ პროცესებში განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტის როლი.