ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტი ერთადერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელიც ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს სტატუსის მოსაპოვებლად“ – სამნიძე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის ნებართვის გარეშე, დასავლეთში შეხვედრებს ისევ განაგრძობს. ის ამჯერად შვეიცარიაში გაემგზავრა. თავის მხრივ, პრეზიდენტთან დაპირისპირებას აგრძელებს „ქართული ოცნებაც“ და მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

„მეტრონომი“ აღნიშნული კონფლიქტის, ევროინტეგრაციის მიმართულებით პრეზიდენტის როლისა და ასევე „ქართული ოცნების“ პოზიციონირების შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ხათუნა სამნიძეს ესაუბრა.

სამნიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ახლა არის ერთადერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის სახელით ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს სტატუსის მოსაპოვებლად.

მისი აზრით, თავისი განცხადებებითა და მოქმედებებით პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ ხელს უშლის და ამიტომაც მმართველი პარტია ებრძვის მას.

რაც შეეხება სტატუსის მიღებას, ამასთან მიმართებით ხათუნა სამნიძეს პოზიტიური მოლოდინი აქვს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს არ მოხდება დათქმების გარეშე.

„პრეზიდენტი სწორედ კონსტიტუციის შესაბამისად აკეთებს განცხადებებს და დგამს ნაბიჯებს. დღესდღეობით, ის არის ერთადერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის სახელით ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს სტატუსის მოსაპოვებლად. ეს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ხელს უშლის და ამიტომ მან წამოიწყო მორიგი დაპირისპირება ზურაბიშვილთან, რომელსაც თავადვე აცხადებს, რომ შედეგი არ ექნება.
ამდენად, მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილის თამაშია.

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, მარტო დარჩა ამ ბრძოლაში, მაგრამ მის გვერდით საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაა. პრეზიდენტს, თავისი მანდატის ფარგლებში, შეუძლია ითამაშოს როლი, რათა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები კი არ იბრძვიან ევროპული ოჯახის წევრობისთვის, რასაც ისინი ყოველთვის უსვამენ ხალხს, არამედ პრეზიდენტი არის ხალხის გვერდით.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დასავლელ პრტნიორებს საქართველოს მიტოვება არ უნდათ. ისინი ცდილობენ ყველაფერს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, მაინც შეძლოს საქართველომ სტატუსის მოპოვება.

თუმცა სტატუსი არ იქნება დათქმების გარეშე. მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონისგან მოგვისმენია კიდეც, რომ ის უფრო ემხრობა იმას, რომ საქართველომ დათქმებით მიიღოს სტატუსი, მაგრამ კონკრეტული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის უკან წაიღონ.

ამდენად, ჩემი განწყობა ოპტიმისტურია, თუკი „ქართული ოცნება“ იმაზე უარესს არ გააკეთებს, რაც დღემდე აკეთა, თუმცა მისგან არაფერი გამიკვირდება. აი, მაგალითად, დღეს ვიხილეთ სუს-ის განცხადება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....