ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კალაძის საქმეზე ვამზადებთ ყველა საჭირო მტკიცებულებას, რათა მივმართოთ საგამოძიებო ორგანოებს“ – ირაკლი ნადირაძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ის არანაირად არ არის ვალდებული, საჯარო გახადოს თავისი პირადი ხარჯები.

კალაძემ თქვა, რომ მას ხშირად გამოუყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ეს იყო პირადი დაკვეთა და ხარჯიც მან გადაიხადა.

დედაქალაქის მერის აღნიშნულ განცხადებებს ფართო გამოხმაურებები მოჰყვა.

ოპოზიციის თქმით, კანონის თანახმად, თუ საჯარო პირს ხარჯი აქვს 5 000 ლარზე მეტი, ეს დეკლარაციაში უნდა აისახოს, კახა კალაძის დეკლარაციაში კი პირადი ფრენისათვის გადახდილი ხარჯები არ ჩანს, არადა სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება და რამდენიმე რეისის შესრულება ასი ათასობით ლარი ღირს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს ესაუბრა.

ნადირაძის განცხადებით, ეს საქმე აუცილებლად გამოსაძიებელია. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, იმ ტიპის სკანდალებში გახვეული ადამიანები, როგორებშიც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და კალაძე გაეხვნენ, თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგებოდნენ.

ნადირაძემ ასევე გვითხრა, რომ ოპოზიცია ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს, მტკიცებულებას, რათა კალაძის საქმეზე მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ გამოძიების მოლოდინი არ აქვთ.

[su_quote] სამთავრობო ბორტი, ანუ ბორტი #1, უბნის ველოსიპედივით საზიარო სარგებლობაშია. თვითმფრინავი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელწმიფოს მეთაურსა და ქვეყნის ინტერესებს, გამოიყენება პირადი მიზნებისთვის: შვილების სასწავლებლად წასაყვანად, შოპინგისთვის, დასვენებისთვის და ა.შ.

ეს არის უდიდესი პრობლემა, სკანდალი და ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, პირი, რომელიც ამ ტიპის სკანდალში გაეხვეოდა, დაუყოვნებლივ იქნებოდა გადაყენებული თანამდებობიდან. ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება, რადგან აქ მოქმედებს დაუსჯელობის სინდრომი და ამ ყველაფერს ახალისებს რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც შექმნა ეს ავტორიტარული, ელიტური კორუფცია.

რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძეს, ჩვენ ვიცით, რომ თანამდებობის პირებს აქვთ ვალდებულება შეავსონ საჯარო დეკლარაცია, თუმცა მაში, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერტზე, კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ ისიც დადის კერძო თვითმფრინავებით და არ არის ვალდებული ამის შესახებ ხალხს მიაწოდოს ინფორმაცია.

კალაძემ ან არ იცოდა, ან მიზანმიმართულად არ შეიტანა აღნიშნული ხარჯები დეკლარაციაში. კანონის მიხედვით, თუ ხარჯი გაქვს 5 000 ლარზე მეტი, ეს დეკლარაციაში უნდა აისახოს. კალაძის შემთხვევაში კი საუბარია ასობით ათას ლარზე. კომერციული თვითმფრინავის დაქირავება და რამდენიმე ვიზიტის შესრულება ასე დაჯდებოდა.

კალაძის საქმე უნდა გახდეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების კვლევის საგანი, იქნება ეს პროკურატურა თუ ანტიკორუფციული ბიურო, იმიტომ რომ საჭიროა დასაბუთება, საიდან მოიტანა მან ამდენი თანხა ან რატომ არ ასახა ეს ხარჯი დეკლარაციაში.

წესით, როცა სატელევიზიო ეთერით ხდება მსგავსი ტიპის ფაქტის გაჟღერება, რაც კალაძემ ზემოაღნიშნული განცხადებით გააკეთა, გამოძიების დასაწყებად არც პროკურატურას და არც ანტიკორუფციულ ბიუროს არანაირი საჩივრის შეტანა არ უნდა სჭირდებოდეს, თუმცა საქართველოში ასე არ ხდება.

ოპოზიცია ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს, მტკიცებულებას, რათა კალაძის საქმეზე მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ მოლოდინი, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რომელიმე უწყება გამოიძიებს ამ დანაშაულებრივ, კორუფციულ ფაქტს, არ არსებობს.

გამოსავალი არის ერთადერთი – ეს კორუფციონერი ადამიანები, რაც შეიძლება მალე, ჩამოშორდნენ ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეებს. [/su_quote]

– განაცხადა ირაკლი ნადირაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....