ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბოლომდე საფლავში არ ჩაყვეს „ქართულ ოცნებას“ – ზურაბ ჯაფარიძე

„მეტრონომი“ საქარველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლისა და სტატუსთან მიმართებით, „ქართული ოცნების“ პოზიციონირების შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ესაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბოლომდე საფლავში არ ჩაყვეს „ქართულ ოცნებას“, თუმცა, მეორე მხრივ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით ევროპის დედაქალაქებში პრეზიდენტის ვიზიტებს სერიოზული გავლენა ვერ ექნება, რადგან აქ მთავარია 12 რეკომენდაცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ ასრულებს.

აქედან გამომდინარე, ჯაფარიძე თვლის, რომ სტატუსსზე უარის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

რაც შეეხება სტატუსის მინიჭების მოლოდინს, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის მოლოდინი ნეგატიურია.

[su_quote] მე არ მგონია, რომ პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლია. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბოლომდე საფლავში არ ჩაყვეს „ოცნებას“ და, ერთი მხრივ, ამის გამო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, ხოლო, მეორე მხრივ, არც იმის მჯერა, რომ ევროპის დედაქალაქებში პრეზიდენტის ვიზიტებმა შეიძლება რამე სერიოზული გავლენა იქონიო სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის სტრუქტურების არაერთმა წარმომადგენელმა გასაგებად გვითხრა, რომ სტატუსის მიღებას სჭირდება 12 პუნქტის შესრულება. ბოლოს, საერთოდ, ბორელი ჩამოვიდა და დაგვიმარცვლა, რომ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ენიჭება.

„ოცნება“ კი არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას და ამიტომ, სტატუსზე უარი მთლიანად ამ დე-ფაქტო ხელისუფლების ბრალი იქნება.

გამომდინარე იქიდან, რა ინფორმაციაც მე მაქვს და ასევე რა განცხადებებსაც ვისმენ, სტატუსის მიღებასთან მიმართებით, ჩემი მოლოდინი ნეგატიურია. იმის ალბათობა, რომ მაინც მოგვცენ, არის ძალიან დაბალი.

რაც შეეხება უარის შემთხვევაში ქართული საზოგადოების რეაქციას, მე გამიჭირდება და არ მიყვარს ხოლმე ასეთი პროგნოზების გაკეთება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ვინმე დარჩა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში ისეთი, ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, მისმა შვილებმა იცხოვრონ დაცულ ქვეყანაში და არ იყვნენ მონის მდგომარეობაში, სტატუსის არმოცემა, შესაძლოა, იყოს გამოსაფხიზლებელი სიგნალი იმის გასააზრებლად, თუ ვინ არიან ახლა ხელისუფლებაში. [/su_quote]

– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....