“ვიწყებთ პრემიერ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცესს“ – აღნიშნულის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “ლელოს” წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა. სამუშიას თქმით, „ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის” საგამოძიებო რეპორტაჟში სახეზეა სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული.
“ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საქმე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა პირდაპირი მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, უნდა დაწყებულიყო გამოძიება. საქართველოს პროკურატურაში უკვე უნდა იყოს დაწყებული გამოძიება, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა მსგავს შემთხვევებში არათუ გამოძიება არ იწყებს, საერთოდ არანაირ წინასაგამოძიებო ქმედებებს არ ახორციელებს.
ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე, პარტია „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი. მოვიწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს, პარლამენტის წევრებს შემოუერთდეს იმპიჩმენტის პროცესს. ლელო ყველაფერს გააკეთებს და იმუშავებს იმპიჩმენტის პროცედურაზე” – განაცხადა სამუშიამ.