ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს მისი პარტიზანული ვიზიტი შეთანხმებულია ივანიშვილთან“- გუბაზ სანიკიძე ზურაბიშვილზე

პარლამენტის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ, „ტვ პირველის“ ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მისი მოქმედებები შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან.

„გარდა თქმისა, კეთებაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილს აქვს ერთი საშინაო დავალება – მან ოპოზიციის მთავარი ლიდერი და წარმომადგენელი, რომელიც უკანონოდ ზის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და უფრო მეტიც, სამხედრო ტყვეა ბიძინა ივანიშვილს, ზის ციხეში. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ბორელი ჩამოვიდა, შარლ მიშელიც აპირებს ჩამოსვლას, რომლებიც დიდი ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს, ეს არ იქნება წესიერი არჩევნები, სანამ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი თანაბარ პირობებში არ იქნებიან.

მიხეილ სააკაშვილის საკითხის სიმწვავე უფრო გაიზრდება და გავლენებიც გაიზრდება, მისი საკითხი გადასაწყვეტია.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე, რომელიც ასე პარტიზანულად მოძრაობს ევროპაში, დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ექნებოდა საუბარი სააკაშვილზე. დარწმუნებული ვარ, ორმ ბორელის და შარლ მიშელის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ეს. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არ ჩათვლის ამ არჩევნებს სამართლიანად, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნა ისევ პოლიტიკურად რეპრესირებული.

ზურაბიშვილს აქვს ერთი თვისება – საკმაოდ ჯიუტი ქალია. არასოდეს აუგად არ მოუხსენებია ივანიშვილი, ის რჩება მიუღწეველ ბატონ-პატრონად, ვერავინ გადამარწმუნებს, ეს მისი პარტიზანული ვიზიტი შეთანხმებულია ივანიშვილთან,” – განაცხადა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა, და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შეხვდა.

იტვირთბა....