ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, „მოქალაქეები“ იმპიჩმენტს არცერთ ვარიანტში მხარს არ დაუჭერენ.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. საკონსტიტუციო სასამართლო რას იტყვის, დაარღვია თუ არ დაარღვია, ამის მიუხედავად, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს იმპიჩმენტს.

ჩვენ რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი იქნება და ეჭვშეუტანელი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ნაკლები მოლოდინი მაქვს “ქართული ოცნების” ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლო, დიდი ალბათობით იტყვიან, რომ დარღვევაა, თუ ეს ასე არ იქნება ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, კი ბატონო, მაგრამ ასე ველი მოვლენების განვითარებას. კარგია, რომ 100 ხმა სჭირდება იმპიჩმენტს, რთულად წარმომიდგენია რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს ამას.

თუ “ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს იმის გამო, რომ პრეზიდენტი არ შეიწყალებს სააკაშვილს, ხომ გაიგებთ, რასაც ამდენ ხანს ვამბობდი, რომ ძირითადი საყრდენი “ქართული ოცნების” ხელისუფლების სინამდვილეში “ნაციონალური მოძრაობაა”, რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნია“,- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....