ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი ვირეშმაკული დაბრკოლებები არ უნდა მოხდეს კომიტეტზე” – რას აცხადებს რომან გოცირიძე

“ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი ვირეშმაკული დაბრკოლებები არ უნდა მოხდეს კომიტეტზე” – ამის შესახებ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„როგორც ირკვევა, დღეს გვექნება ერთდღიანი სამუშაო კვირა. თითქოსდა ამაში არაფერია გასაკვირი იმიტომ, რომ საკითხები არაა და „რა ქნათ, ორი კვირის შემდეგ რომ სამშაბათი მოვა, მაშინ განვაახლოთ მუშაობა“. თითქოს ეს მარტივი ტექნიკური საკითხია, სინამდვილეში ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური საკითხია. სად არის ჩვენი, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები? ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ მიერ წარმოდგენილი 7-მდე კანონპროექტი რატომ არ იხილება დღეს? არ იხილება იმის გამო, რომ კომიტეტებშია გაჭედილი. არღვევთ რეგლამენტს, არღვევთ კონსტიტუციას. დღეს რომ ნიანგის ცრემლებს ღვრით, რომელი კონსტიტუციის დაცვაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გაუქმებულია კონსტიტუცია, არ არსებობს პარლამენტი, პროკურორი პროკურორს არ ჰგავს და მოსამართლე მოსამართლეს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობაა. არაფორმალური მმართველობა ნიშნავს არაკონსტიტუციურს. კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ, რომ კანონპროექტები წარმოვადგინოთ და განხილული იყოს პარლამენტში. ამიტომ, მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ ამ საკითხების ხელოვნურად შეჩერება და საზოგადოების თვალწინ მისი განხილვის დაბლოკვა, ვინაიდან ხალხის გეშინიათ. გეშინიათ იმისა, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოება მოისმენს იმ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდება და არ გჭირდებათ თქვენ, ვინაიდან თქვენს არაფორმალურ არაკონსტიტუციური მმართველობის შენარჩუნებას და ძალაუფლების უზურპაციას შეუშლის ხელს“ – განაცხადა გოცირიძემ.

იტვირთბა....