საქართველოში ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ვიზიტი იგეგმება. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში, ირან-საქართველოს ბიზნეს-ცენტრის საბჭოს წევრმა, მაჰმუდ დავარმა განაცხადა, ირანის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში, ქვეყნის ინვესტორთა ჯგუფის ჩასვლაც იგეგმება.
დავარის ინფორმაციით, ირანელი ინვესტორები სოფლის მეურნეობის სფეროთი არიან დაინტერესებულნი.
“საქართველოში სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა, ნაყოფიერი მიწაა და შეგვიძლია სოფლის მეურნეობის სექტორით დავიწყოთ. ასევე გვინდოდა სასტუმრო და ტურისტულ ბიზნესში ინვესტირება. ეკონომიკის სამინისტროში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა და შემიძლია განვაცხადო, რომ ირანელები მზად ვართ ინვესტირება მოვახდინოთ და ასევე თბილისის შემოგარენში ჩავდოთ თანხები. შემდეგ წლის ბოლომდე სოფლის მეურნეობაში 300 მილიონი დოლარით ვაპირებთ შემოსვლას. ასევე სოფლის მეურნეობაში კიდევ სერიოზული თანხების ჩადებას ვაპირებთ, მაგრამ ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილისთვის ჩავდებთ ინვესტიციას, რომელსაც პროფესიონალების გუნდი მიხედავს, გეგმა არსებობს და პასუხებს ველოდებით”.
მთავარ პრობლემად ირანელი ინვესტორებისთვის საბანკო ანგარიშების საკითხია. მაჰმურ დავარი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გადის და აღნიშნული საკითხი მალე მოგვარდება.
“ერთადერთი პრობლემა ეს არის ირანის საბანკო ანგარიშების საკითხი. გერმანიაში, იტალიაში, სხვა ქვეყნებში ირანელებისთვის ანგარიშები გაიხსნა და საქართველოს მთავრობისგანაც მსგავს ნაბიჯს ველოდებით, რათა ჩვენ ანგარიშებზე ხელი მიგვიწვდებოდეს. იმიტომ, რომ საბანკო ანგარიშების გარეშე მუშაობა შეუძლებელია, რაც ძალზე სერიოზული პრობლემაა. მე საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ ჩვენთვის ანგარიშების გახსნა მალე განახორციელოს. ჩვენ ხელისუფლებას ვესაუბრებით. ასევე ირანის ელჩიც აღნიშნულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და პასუხია, რომ ეს პრობლემა მალე გადაწყდება”.