ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“ მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა მას სისუსტე არ ეჩვენებინა – გია ხუხაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურას შინაარსობრივი მხარე არ აქვს და მას უფრო პოლიტიკური პროცესის განზომილება აქვს.

ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ამ ნაბიჯის გადადმა მოუწია, რათა ისინი პრეზიდენტს დაემუქრნენ და სისუსტეს ვერ აჩვენებდნენ.

„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა – მათი მხრიდან იყო მუქარა, რასაც პრეზიდენტი არ შეეგუა და გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი შიში არის სისუსტის გამოვლინება, ფაქტობრივად, თვითონ ჩაიგდეს თავი ისეთ მდგომარეობაში ამ მუქარის შემდეგ, რომ მოუწიათ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა…

მე დიდ გზავნილს არ ვხედავ ამაში, ეს არის უბრალოდ დაპირისპირება. შინაარსობრივად ამ დავას აზრი არ აქვს. ცხადია, რომ 100 ხმას „ქართული ოცნება“ მარტივად ვერ აგროვებს ანუ თვითონ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა მათთვის არის ძალიან პრობლემური, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს არ აქვს შინაარსობრივი, სახელმწიფოებრივი განზომილება. ამ თემას უფრო აქვს პოლიტიკური პროცესის განზომილება, რაც, პირდაპირ გეტყვით, რომ მისასალმებელია. ოპოზიციის საზრუნავი იყო, რომ პოლიტიკური პროცესი გაეცოცხლებინათ და არა ხელისუფლების. ხელისუფლება სულაც არ არის დღეს დაინტერესებული პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებით, მაგრამ მათ აიღეს ეს ტვირთი თავის თავზე და თვითონ მისცეს საზოგადოებას საკვები იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდეს და მორიგ სპირალში შევიდეთ, რაც მისასალმებელია. მთავარია თემაა ამ მორიგ ორთაბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ, მე ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციურ კოლიზიასთან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....