პატრიარქის მოსაყდრემ დღეს მედიასთან დაადასტურა, რომ მისი სავარაუდო მოწამვლის საქმეზე სამართალდამცველებს ჩვენება მისცა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, რადგან საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროც და საპატრიარქოც დეტალებს არ ახმაურებენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა“. მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.