პარტია “ლელო” ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მაშველებისთვის ხელფასის გაზრდა და სატანადო ეკიპირების შეძენა – ამის შესახებ განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ გააკეთა “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა.
“უნდა მოვითხოვოთ სამაშველო სამსახურის სრული აღჭურვა ყველაზე თანამედროვე, საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტების ტექნიკით. ეს ეხება, როგორც ტექნიკურ აღჭურვას, ისე ინდივიდუალურ აღჭურვას. ეს ეხება, როგორც ვერტმფრენების ჩამოტანას, აგრეთვე იმ კომპლექტების ჩამოტანას, რომელიც საჭიროა ინდივიდუალურად მუშაობისთვის და რომელიც გვაჩვენა ტრაგედიამ რომ სამწუხაროდ, შოვში არ ჰქონდათ ჩვენს მაშველებს. უნდა მოვითხოვოთ, გმირი მაშველების რისკიანი საქმის ერთხელ და სამუდამოდ შესაბამისად დაფასება, როგორც სახელფასო სარგოთი, ისევე სოციალური პაკეტით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის. ხელზე ასაღები თანხა, რომელსაც საშუალოდ ერთი მაშველი იღებს არის 1 200 ლარი, ამას ემატება რამდენიმე კვების დანამატი და რამდენიმე ასეთი ტიპის დანამატი და საშუალოდ ადის 1 500 ლარამდე. უნდა მოვითხოვოთ სტიქიის აღმოფხვრის მიზნით საქველმოქმედო ფონდის შექმნა. ძალიან უცნაურია, რომ 22 დღის თავზე, ყველა ასეთ ვითარებაში, ყველა საერთაშორისო პრაქტიკით, იქმნება ტრაგედიების შედეგების ლიკვიდაციის საქველმოქმედო ფონდი”, – თქვა თამაზ დათუნაშვილმა.