ჯერ კიდევ ორი დღის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების შესახებ ისაუბრა, დღეს კი ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებულ ლიდერებს ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს მოსკოვში შეხვდა.
შეხვედრაზე მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.
თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადეს ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმაც. ბჟანიას თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებამ, მათ სიმშვიდე მოუტანა.
“ახლა ყველაფერი დასრულდა, საზღვარი გამაგრებულია, ახლა მოგვეცა რეალური საშუალება, რომ შრომით დავკავდეთ. ეს ყველაფერი კი რუსეთის დამსახურებაა, რისი მადლიერებიც ვართ. აფხაზეთის ერს ეს ყოველთვის ემახსოვრება, რადგან მშვიდობაზე უფრო ფასეული არაფერია” – თქვა ბჟანიამ.
რუსეთის მადლიერია ალან გაგლოევიც, რადგან ოკუპანტმა სახელმწიფომ მათ რეგიონში “მრავალწლიან ომს წერტილი დაუსვა”
“რუსეთის ფედერაციის დამსახურებით სამართლიანობამ იზეიმა. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ერთობლივი საქმეები კვლავაც გაგრძელდება, ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან მოკავშირეობას. ჩვენს ისტორიაში, ჩვენი ერის მეხსიერებაში თქვენ ყოველთვის დარჩებით ადამიანად, რომელმაც მრავაწლიან ომს წერტილი დაუსვა და ჩვენი მოსახლეობის ტერორი შეაჩერა, რამაც ჩვენ შვილებს მშვიდობიანი მომავალი უზრუნველყო.
მინდა დაგარწმუნოთ, პატივცემული დიმიტრი ანატოლევიჩ, რომ ჩვენ რუსეთთან ინტეგრირების პროცესის გაგრძელებისთის დღესაც მზა ვართ, მათ შორის, მზად ვართ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისთვისაც” – აღნიშნა გაგლოევმა.
დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან მიერთება ისევ დგას დღის წესრიგში.