პარტია “საქართველოსთვის” გენერალურ პროკურატურას თბილისში მშენებლობების გაცემის ნებართვის თაობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება „საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ პარტიის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოში გააკეთა. კერძოდ, გახარიას გუნდი ითხოვს დადგინდეს, ხომ არ იკვეთება პოლიტიკური მიზნები და კორუფციული გარიგებები ამ ნებართვების გაცემის სქემაში.
„დღეს, კალაძის მორჩილი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, სამწუხაროდ, აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ურბანული კატასტროფის გამომწვევ სამშენებლო დეველოპერულ პროექტებს, რაც კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას უამრავ მოქალაქეს და ამავე დროს, გაამდიდრებს პრივილეგირებულ რამდენიმე ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებისთვის” კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტების განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, „ოცნება” მზადაა კალაძის მაფიოზურ ჯგუფს თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ დაუკანონოს უკანონო საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ ერთდროულად ხუთი მასშტაბური სამშენებლო პროექტის დაჩქარებული წესით საკრებულოს დამტკიცება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არ მომხდარა სათანადო საჯარო განხილვები და დაინტერესებულ მხარეებს: ურბანისტებს, არქიტექტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, სეისმოლოგებს, გეოლოგებს, ტრანსპორტის სპეციალისტებს არ მისცემიათ პროცესში ჩართვის სათანადო საშუალება, წარმოადგენს პოლიტიკური კორუფციის და „ოცნების” მიერ დაწყებული არჩევნების გაყალბების კომპლექსური გეგმის შემადგენელ ნაწილს. მაშინ, როცა „ოცნებამ” საკანონმდებლო დონეზე პარტიას დაუქვემდებარა ცესკო, მაშინ, როცა ქვეყანაში აღარ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება „ოცნება” გადადის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების აქტიურ ფაზაში და ამჯერად, უკვე „შავი ფულის” დაჩქარებული მობილიზებით ცდილობს შეავსოს პარტიის ფორმალური საარჩევნო ყულაბა. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება და და დაადგინოს, არის, თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ოცნების” დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, „ოცნების” მოქმედი პრემიერ-მინისტრის უახლოესი ნათესავის და „ოცნების” შემომწირველთა კომპანიებისთვის თბილისის იერსახისათვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა. ასევე მივმართავთ თბილისის მერს, ბატონ კალაძეს, საზოგადოებას აუხსნა, რატომ იცრუა და მოატყუა ხალხი, როცა განაცხადა, რომ „ლაგუნა ვერე” საჩუქრად გადაეცემოდა თბილისს. ასევე მივმართავთ თბილისის საკრებულოს დაუბრუნდეს ჩვენი ინიციატივის განხილვას პოლიტიკური კორუფციის პრევენციის მიზნით თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ვხედავთ სხვა უფრო ეფექტურ მექანიზმს, რაც თბილისის მრავალმილიონიან ბიუჯეტს და სამშენებლო ბიზნესის არაფორმალურ ლობიზმს კორუფციული რისკებისგან დააზღვევს”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.