ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, ჯერჯერობით პრიგოჟინის იმ თვითმფრინავში ყოფნა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქდა, მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუმცა, სამხედრო დაზვერვა იმასაც აცხადებს, რომ ის, დიდი ალბათობით, მკვდარია:
“ჯერჯერობით არ არის დადასტურებული მტკიცებულება, რომ პრიგოჟინი ბორტზე იმყოფებოდა, რადგან ის ცნობილია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღებით. თუმცა, დიდი ალბათობით, ის მართლაც მკვდარია. პრიგოჟინის სიკვდილს ვაგნერის ჯგუფზე ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ექნება” – წერია ანგარიშში.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთის ტერიტორიაზე, ტვერში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი უტკინი ისხდნენ. გავრცელებული ცნობით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა. ტვერის პროზექტურიდან ახლა ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან, რომელმაც ვაგნერის ხელმძღვანელის დაღუპვა უნდა დაადასტუროს. ბორტზე მყოფი 10 ადამიანის ცხედარს დნმ-ის ანალიზი უნდა ჩაუტარდეს. თუმცა, მოსკოვი უკვე ადასტურებს, რომ ოფიციალური ჩანაწერებით ბორტზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა პროგოჟინი და მისი უახლოესი გარემოცვა იმყოფებოდნენ.