ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საქართველოში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ Financial-ს საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს აძლევს. მას შემდეგ რაც სასამართლომ ანასტასია ბენდუქიძე კახა ბენდუქიძის კანონიერ შვილად აღიარა, მან ბენდუქიძის ქონებიდან მემკვიდრეობით, დაახლოებით 100 მლნ მიიღო. რაში აპირებს ფულის დაბანდებას ბენდუქიძის ქალიშვილი? ამის შესახებ ჩვენი ვიდეოსიუჟეტიდან შეიტყობთ.
„გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მამამ თავი ცუდად იგრძნო და მითხრა, რომ ანდერძს ამზადებდა. მას სურდა ფულის დიდი ნაწილი უნივერსიტეტის განვითარებას მოხმარებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ის ფული და აქტივები, რომლებიც მისგან მივიღე, უნივერსიტეტს მოვახმარო, რადგან უნივერსიტეტები კახა ბენდუქიძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებს საქართველოში, საინვესტიციო კლიმატი დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამჟამად, რთულია ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, თუმცა როგორც აღვნიშნე ჩემთვის განათლების სფერო ყველაზე მნიშვნელოვანია. განათლების სისტემით მამაჩემი იყო დაინტერესებული და ჩემი სურვილია მისი საქმე გავაგრძელო.“
მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად ანასტასია ბენდუქიძე ეროვნული ვალუტის დევალვაციას მიიჩნევს. თუმცა, დადებითად აფასებს ქვეყნის მიღწევას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხში.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველომ ბოლოს და ბოლოს მიაღწია უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ის მალე ამოქმედდება. ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. თუმცა, ძალიან მაღელვებს ლარის დევალვაციის საკითხი. ეკონომიკური ზრდაც ძალიან ნელია. მამაჩემმა თქვა, თუ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2% იქნება, მაშინ 2040 წელს საქართველო აღარ იქნება.“
ბენდუქიძის ქალიშვილი, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც საუბრობს. ანასტასია აცხადებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ის კახა ბენდუქიძის აზრს იზიარებს და აცხადებს, რომ რუსეთი იმპერიალიზმის სენითაა შეპყრობილი.
„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აფხაზეთის საკითხი კახა ბენდუქიძემ თავის წიგნში „მშვიდობით იმპერია“ კარგად აღწერა . მან ძალიან ზუსტად დაუსვა რუსეთს დიაგნოზი. ბევრი პრობლემა რუსეთში გამოწვეულია რუსების იმპერიალისტური სინდრომით. რუსეთის ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ისიც, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა, რომელთაც ფული გააჩნდათ და რომელთაც შეეძლოთ ინვესტირება განეხორციელებინა რუსეთში, მათ დატოვეს ქვეყანა. რუსეთის დღევანდელი სიტუაცია, ბრწყინვალე მომავალს იმედს ნამდვილად არ იძლევა.“
ინტერვიუს ბოლოს ანასტასია ბენდუქიძე მამაზეც საუბრობს.
„კახა ბენდუქიძეს ძალიან უყვარდა საქართველო. ის დაბრუნდა საქართველოში და ცდილობდა ქვეყნისთვის საუკეთესო გაეკეთებინა. ჩემთვის საქართველო არის ადგილი, სადაც მამასთან სიახლოვეს მეტად ვგრძნობ. მას უყვარდა საქართველო და უნდოდა ქართული მესწავლა. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.“