დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 32 წლის წინ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელია, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ომის ფონზე აღნიშნავს, ის ქვეყნის მთლიანობის შესანარჩუნებლად ბოლომდე აპირებს ბრძოლას და დანებებას არ განიხილავს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა:
“დიდი უკრაინის დიდი ხალხი, დღეს აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს! ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული. ძლიერი და ღირსეული ადამიანების, თანასწორთა დღესასწაული. დღეს ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობის 32 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს დამოუკიდებლობა კი ყველა ჩვენგანის ღირებულებაა, ის რისთვისაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ყველას როლი მნიშვნელოვანია. დიდ ომში არ არის პატარა და არც უმნიშვნელო საქმეები. ყველას შეუძლია ჰკითხოს საკუთარ თავს: სად ხართ უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გააკეთეთ მისთვის? მადლობა ყველას ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობას ანიჭებს, მეომრებს, რომლებიც დგანან უკრაინის დასაცავად. მამებს და დედებს, ვინც ჯარისკაცებს უკრაინა შეაყვარა. ბევრმა უკრაინელმა დაკარგა საყვარელი ადამიანები ომის გამო. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენს მეომრებს ერთი უნიკალური ჯავშანი ეხმარება – ბავშვების ნახატები, რომლებსაც ყველა ბრიგადაში ნახავთ კედლებზე. გასულ ზამთარს ჩვენ განვიცადეთ მასიური სარაკეტო თავდასხმები, იყო მომენტები, როცა ქალაქები სიბნელეში რჩებოდნენ, როცა ციოდა და ამ ყველაფერს თან ახლდა შეუპოვრობა. ჩვენ ყველამ გავაკეთეთ ისე, რომ როდესაც ერთი ადამიანი ამბობს: “დიდება უკრაინას!”, მთელი მსოფლიო პასუხობს: “დიდება გმირებს!”
გილოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!”- განაცხადა ზელენსკიმ.