ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ჩამოვალ და ქართველებს გარკვევით ვეტყვი…“: აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩამოდის

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა. შეხვედრისას მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობაზე ისაუბრა, რამაც საქართველოს განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ასევე, მინისტრის განმარტებით, დღეს საქართველოში რეფორმების ამბიციური  პროგრამა ხორციელდება, როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით.

მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, მაგრამ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კვლავ იმუშავებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 19 მარტამდე გაგრძელდება. ივნისის დასაწყისში კი,  ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“ვაპირებ საქართველოს მონახულებას, სავარაუდოდ ივნისში. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია და მინდა ქართველებს გარკვევით ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,” – აღნიშნა ჯონ კერიმ.

ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსადმი აშშ-ს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ძალისხმევას, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ისე ევროპაში კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს.

 

 

იტვირთბა....