ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რექტორის გადადგომას მისი სამუშაო კაბინეტიდან ითხოვენ – “მეტრონომის” დეტალური რეპორტაჟი უნივერსიტეტიდან

დაძაბულობამ პიკს მიაღწია – დღეს თვითმმართველობის სტუდენტები რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ.

მოულოდნელად თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა უნივერსიტეტის უკანა შესასვლელში დაცვის ჯაჭვი გაარღვიეს, დერეფანში შეცვივდნენ, შემდეგ კი, როდესაც რექტორის კაბინეტს მიუახლოვდნენ ერთმანეთს აუდიტორიებიდან გამოტანილი მერხები შეუერთეს და ჯერ მასზე ხელების ბრახუნით, შემდეგ კი მიწოლით შეძლეს დაცვისა და სტუდენტების მასის გარღვევა.

12516454_10208982815905535_333343834_n

თვითმმართველობის აჯანყებული მასა მიუახლოვდა რექტორის კაბინეტს, იქაც პოლიციისა და დაცვის ჯაჭვი გაარღვია, კარი გააღო და შიგნით შეიჭრა. იმ დროს რექტორი სტუდენტებს მეორე მხარეს, 115-ე აუდიტორიაში ხვდებოდა. ახლა რექტორისა და აკადემიური საბჭოს კაბინეტთან მობილიზებული იყვნენ არა დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები, არამედ თვითმმართველობის სტუდენტები და იქ შესვლის საშუალებას არავის აძლევდნენ.

12476571_10208982816585552_113066872_n

“მეტრონომმა” შიგნით შესვლა მოახერხა, სადაც ასეთი სურათი დახვდა: რექტორის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროფესორები ამ ფაქტის გამო საკმაოდ აღელვებულები იყვნენ – ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ თსუ-ს სტუდენტები ასეთი უზნეოები არ არიან და ეს არა მათი, არამედ სხვა უნივერსიტეტების, კერძოდ კი ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტების ნახელავი იყო. ერთ-ერთმა პროფესორმა ერთი მათგანი ამოიცნო და მას მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელმა მისი “ბრალდება” უარყო და დაუყოვნებლივ კაბინეტიდან გავიდა.

12032372_10208982816785557_2064208212_n

საბჭოს წევრებისა და რექტორის კაბინეტში შეჭრილი სტუდენტები ყველაფერს მოედნენ, მათ ყველა სკამი დაიკავეს და დაანონსეს, რომ ფეხს იქამდე არ მოიცვლიდნენ, სანამ რექტორი არ გადადგებოდა.

მოგვიანებით, მათთან მოსალაპარაკებლად ვლადიმერ პაპავა მივიდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა “საიას” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. თვითმმართველობის სტუდენტებმა, რომლებიც აკადემიური საბჭოს კაბინეტში იყვნენ, შიმშილობა პაპავას გადადგომის მოთხვონით დაიწყეს. მოგვიანებით, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა რექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა ამ სტუდენტებზე რაიმე სახის ზეწოლა არც დაცვის სამსახურის მხრიდან და არც პოლიციის მხრიდან არ განხორციელდებოდა და მათ არავინ დაარბევდა. როგორც თვითმმართველობის წევრებმა განაცხადეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ისინი კვლავ ვლადიმერ პაპავას სამუშაო სივრცეში დარჩნენ.

12788085_10208982816505550_1072298164_n

სტუდენტებთან ერთად შიმშილობა დაიწყეს უნივერსიტეტის სამმა პროფესორმა: გიული ქეშელაშვილმა, მანანა ხერხელმა და იზოლდა ჭილაძემ. მათ შიმშილობის პირველი დღე ვლადიმერ პაპავას არ გადადგომის მოთხოვნით დაიწყეს.

სტუდენტების მეორე მხარე, 115-ე აუდიტორიაში იქამდე აპირებენ უნივერსიტეტში დარჩენას, სანამ თვითმმართველობის წევრები გამაგრებულები იქნებიან აკადემიური საბჭოს ოთახში.

12833303_10208982817145566_844453273_n

მოგვიანებით, უნივერსიტეტის მეორე კორპუში თბილისში არსებულმა ყველა უნივერსიტეტის თვითმმარველობის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ისინი შიდასაუნივერსიტეტო პროცესებს ემიჯნებიან, თუმცა იზიარებენ სტუდენტთა იმ ნაწილის მოთხოვნებს, რომლებიც უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპს იზიარებს. მათი თქმით, სტუდენტთა ერთი ნაწილის მოთხოვნა თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არის პირდაპირი დარტყმა საერთო სისტემაზე. ისინი სოლიდარობას უცხადებენ თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პროცესებზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება თსუ-ს თვითმმართველობას, ისინი ღამის გათენებას რექტორის სამუშაო სივრცეში აპირებენ.

12834714_10208982816185542_248408155_n

ამ წუთებში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვედრას თვითმმართველობის წევრებთან მართავენ.

მოვლენების განვითარების შესახებ “მეტრონომი” ინფორმაციას კვლავ მოგაწვდით.

იტვირთბა....