ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხალხის ძალა” მესამე სექტორისა და ოპოზიციის საქმიანობაზე გამოძების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

„ხალხის ძალა“ ოპიზიციის, ოპოზიციურ მედიასა და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს.

“ხალხის ძალა” პარალელს ავლებს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან და აღნიშნავს, რომ თუ ამერიკაში მიდის გამოძიება არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენების გამო, მაშინ საქართველოში „დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი NGO-ების ყველა თავმჯდომარე“.

„იგივეს ვერ შევკადრებთ ამერიკის ელჩს და ევროკავშირის მაშინდელ „ამერიკელ“ ელჩს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველი ხალხის მოტყუება თავადაც სცადეს, ოპოზიციის ყალბი ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ პოლიტიკურ კრიზისად მონათლეს და ამ ყველაფრის საფუძველზე, მმართველ პარტიას 19 აპრილის კაბალურ შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი…

რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, აქ რადიკალებისთვის ბრალის წაყენების ყველანაირი საფუძველი არსებობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი რადიკალები არა მხოლოდ ეჭვს გამოთქვამდნენ, არამედ პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ, ცესკოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამდენიმე თვე პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებდნენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო მხარდაჭერილი მდიდარი „ენჯეოების“ მიერ, რომლებმაც ცესკოში შეჭრის მოსურნე რადიკალების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაც კი გააპროტესტეს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ღიად უჭერდნენ მხარს. მათივე გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ოქმებში ზედმეტობის მონაცემები, იტყუებოდნენ, რომ ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ამ ყველაფრის გამო, არჩევნების ლეგიტიმურობა თავადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ყალბ ბრალდებებზე საპასუხოდ, ხელისუფლებამ შექმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, გადათვალა მრავალი ათეული საარჩევნო უბანი, უტყუარად დაამტკიცა, რომ არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის შედეგები იყო გაყალბებული. თუმცა, ოპოზიცია და მისი უცხოელი და შიდა მფარველ-სატელიტები პარლამენტის არალეგიტიმურობაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდნენ სიცრუის გავრცელებას.

მიგვაჩნია, რომ არა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონით, არამედ საქართველოში მოქმედი ქართული, ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, ნამდვილად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო. იმედი გვაქვს, პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება“, – ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

დონალდ ტრამპის საქმეს გაეცანით აქ.

შეგახსენებთ, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ფინანსური საკითხების კვლევის მიზნით, „რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა“ აუდიტის სამსახურს მიმართა.

იტვირთბა....