საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. მედიასთან განცხადების გაკეთებისას მან ისევ ისაუბრა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ქმედების გამო გააკრიტიკა:
„15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს საკუთარ სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა.
იცით, რომ ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და მათ ოჯახებს, მინდა, კიდევ ერთხელ, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის.
იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, ამ დროს 17 კაცი, ერთ ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ეს არის მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის.
საუბედუროდ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია, რომ ამ გმირობის დღეს არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. ყოფილმა მთავარსარდალმა. 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი. მას ჰყავდა ჩამოყვანილი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს, რომ ჩვენი ლომი ბიჭები, ლომების არმია იბრძოდა თავგანწირვით, თავდადებით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მიზანი. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.