მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და მის საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით – ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას“ – აღნიშნულია განცხადებაში.