გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 13-15 მარტს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2016 ტარდება, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიას“ მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.
ProWein 2016-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები: “თბილღვინო”, “შატო მუხრანი”, “თამადა”, “კახური ტრადიციული მეღვინეობა”, “კონჭო და კომპანია“, “კორპორაცია ქართული ღვინო”, „ბაგრატიონი 1882“, “ვაზიანი კომპანი“, “ვაინმენი“, “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული“, “თელავის ღვინის მარანი“, “კახური“, “ბესინი“ და “თელიანი ველი”.
წელს ProWein-ზე თავს მოიყრის მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სფეროს ათასობით წარმომადგენელი მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან. აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და დღეს, საქართველოს 15 ადგილობრივი კომპანია წარმოადგენს.