სასამართლომ ილია კიკაბიძეს, საკითხის გადაწყვეტამდე, “მაესტროს” და “მაესტრო 24”-ის სახელის გამოყენების უფლება შეუწყვიტა. როგორც კიკაბიძემ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.
“სასამართლომ ზეწოლით მიიღო გადაწყვეტილება და შემიწყვიტა, საკითხის გარკვევამდე მაესტროს სახელის გამოყენების უფლება. ეს იგივეა ადამიანს ვიღაცის გამო შეუზღუდო უფლება თავის შვილს დაუძახოს სახელი. ასეთი რამ არ მომხდარა არცერთი მთავრობის დროს.
სასამართლო ემსგავსება მხოლოდ შენობას, სადაც არის საოფისე ფართები, რომლის ქირაობაც არის შესაძლებელი. “მაესტროს” ვერ გააჩერებენ, არცერთი წამი არ შევაჩერებთ მაუწყებლობას”, – განაცხადა ილია კიკაბიძემ.
ბაია გადაბაძის განცხადებით, “მაესტრო 24”-ის სახელი დავის საგანს არ წარმოადგენდა, თუმცა, სასამართლომ ილია კიკაბიძეს მისი გამოყენების უფლებაც შეუწყვიტა.
“ეს ნიშნავს კერძო საკუთრების ხელყოფას და ფულის ნაკადის შეჩერებას რომელიც “იმედის” და “მაესტროს” კონტარქტის შემთხვევაში უნდა შემოსულიყო არხზე.
ეს კონტრაქტი ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან იყო მზაკვრული შემოთავაზება. როგორც ახლა ვხვდები მათ სურდათ, რომ ჩაშლილიყო ეს კონტრაქტი. ამ ყველაფრის ინსტრუმენტები არიან ლევან და გია გაჩეჩილაძეები და ასევე ირაკლი რუხაძე”, – განაცხადა გადაბაძემ. მანვე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ილია კიკაბიძე და ბაია გადაბაძე შეხვედრების გამართვას გეგმავენ ევროკავშირის ელჩთან და სახალხო დამცველთან. ასევე, როგორც გადაბაძემ განაცხადა, პარასკევს საქალაქო სასამართლოს წინ აქციის გამართვაც იგეგმება.