ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გასაიდუმლოებული მზადება ოპოზიციაში – რას აპირებენ „ოცნების“ ოპონენტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

გასულ წელს სამი ოპოზიციური პარტია – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – ერთობლივ პოლიტიკურ დღის წესრიგზე შეთანხმდა.

მოკავშირებიის თქმით, მათი მთავარი მიზანი საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მიღება და ქვეყნის დეოლიგარქიზაცია იყო. პარტიათა ლიდერები აცხადებდნენ, რომ ერთიანობის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელი იყო.

ზემოაღნიშნული სამეული „სტრატეგია აღმაშენებლის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსმა დაშალა.

გასულ თვეში „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „დღეს ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად, ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას. ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდება საქართველოს მოქალაქე“.

ამას მოჰყვა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე კობერიძის კომენტარი, რომ „სამეული მოკვდა“.

„გიორგი ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას არ განვავრცობთ ჩვენს პარტიაზე და დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს. ამის მიღმა წითელი ხაზები არ გვაქვს, არც, მათ შორის, „ლელოსთან“, არც სხვებთან. სერიოზულად თუ დაიძვრება ეს საკითხი, მზად ვართ. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ახლა ყველა პარტია მაინც გადასულია საკუთარი რეიტინგისა და რესურსების დათვლაზე“, – აღნიშნა კობერიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ენმ-თან შეერთებას ასევე გამოეხმაურა „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია.

ხოშტარიამ განაცხადა, რომ „სამეულის“ თანამშრომლობა იყო საჭირო, საინტერესო და სასარგებლო, თუმცა ახლა ახალი ეტაპი დაიწყო.

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.
ცალკე მინდა ვთქვა, რომ Zurab Girchi Japaridze Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე სთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, ‘დროა’ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიირგისაც და ნქციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლია მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.
ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“, – დაწერა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.

ამრიგად, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ზემოაღნიშნული „სამეული“ აღარ არსებობს, რადგან „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“, ამ პარტიის ლიდერების განცხადებების მიხედვით, თავიანთ თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ვერ ხედავენ.

თუმცა მედიაში წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაციები, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, პარტიებს შორის, გარკვეული პოლიტიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის თაობაზე „მეტრონომი“ ელენე ხოშტარიას ესაუბრა.

„რაღაც პერიოდის განმავლობაში, საერთოდ არაფერზე არ ვაკეთებ კომენტარს“, – გვითხრა ხოშტარიამ.

ამავე საკითხზე ჩვენ დავუკავშირდით „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, ხატია დეკანოიძესაც, რომელსაც „ლელოსთან“ შესაძლო პოლიტიკურ კონსულტაციებზე ვკითხეთ.

„ „ლელოსთან“ არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ მაქვს“, – აღნიშნა დეკანოიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იკვეთება, რომ „ლელო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური ცენტრის შექმნაზე მუშაობს, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

ზემოაღნიშნული არჩევნებისთვის დამოუკიდებლად აპირებს მომზადებას პარტია „საქართველოსთვის“, რომლის თავმჯდომარე გიორგი გახარიაა.

მედიის ინფორმაციით, გახარიას პარტიასთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები აწარმოებენ. მათ შორის არის ეკა ბესელია. ამ საკითხთან დაკავშირებით „მეტრონომი“ ესაუბრა ბესელიას. ბესელიამ მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაგვიდასტურა.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტიკის გარეშე, გვარებს ჯერ არ დავასახელებ“, – გვითხრა მან.

ამ მოლაპარაკებებს ადასტურებს პარტია „საქართველოსთვის“.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, პარტიის ამჟამინდელ მენეჯმენტთან კონფლიქტის გამო, დატოვებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და განაგრძნობს თუ არა ის დამოუკიდებლად პოლიტიკური გზას.

ოპოზიციურ ფლანგზე ასევე დიდი გავლენა აქვს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. გვარამია ჯერჯერობით კონკრეტულს არაფერს ამბობს მის შესაძლო პოლიტიკურ მომავალზე, თუმცა ღიად აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იქნება.

საფიქრებელია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური მოლაპარაკებები სექტემბრიდან უფრო აქტიურ ფაზაში შევა. ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებები კულუარებში, გასაიდუმლოებულად მიმდინარეობს. პარტიები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.

საინტერესოა, როგორ კონფიგურაციას მიიღებს ამომრჩეველი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის და შეძლებს თუ არა ოპოზიცია მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ რეალური, მყარი ალტერნატივა შესთავაზოს.

წესით, ოპოზიციის მთავარი მესიჯი ამომრჩევლებისთვის „ქართული ოცნების“ პრორუსულობა და აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს დასავლური მისწრაფებების საბოტაჟის მცდელობა იქნება.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მისი წარმომადგენლები ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს არასერიოზულად აფასებენ და ამბობენ, რომ მთელი ოპოზიცია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაჯგუფდებიან მათი ოპონენტები, რადგან მათ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ.

ავტორი: ირაკლი რობაქიძე

იტვირთბა....