ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძე ჩემთვის არის მინუსებში გადასული ანტიგმირი და რუსული პოლიტიკის გამტრებელი ჭანჭიკი” – ეკა ბესელია “ოცნების” თავმჯდომარეს პასუხობს

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საგანგებო ბრიფინგზე ბევრ საკითხთან ერთად, მმართველი პარტიიდან წასული წევრების შესაძლო პოლიტიკურ ერთობაზეც ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილს, გიორგი გახარიას პოლიტიკურად არანაირი შანსი არ აქვთ. ისინი ერთად 1%-საც კი ვერ აიღებენ და ამიტომ, მათ გაერთიანებაზე ლაპარაკი არასერიოზულია.

„მეტრონომი“ ამ თემასთან დაკავშირებით ქალბატონ ეკა ბესელიას დაუკავშირდა.

ბესელიამ გვითხრა, რომ ირაკლი კობახიძე მინუსებში გადასული ანტიგმირია და მნიშვნელობა არ აქვს, ის რას იტყვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს ეს იდეა, თორემ სხვა შემთხვევაში, ამაზე ასეთ აჟიოტაჟს არ შექმნიდნენ.

რაც შეეხება ოპოზიციურ კონსულტაციებს, ბესელიას თქმით, მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპისთვის სახელისა და გვარების დასახელებას არ აპირებს.

[su_quote] ირაკლი კობახიძე ჩემთვის არის მინუსებში გადასული ანტიგმირი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საერთოდ რას იტყვის. ის არის რუსული პოლიტიკის გამტრებელი ჭანჭიკი, მეტი არავინ.

მე დღეს მივხვდი, რომ ძალიან აშინებთ ეს იდეა. ამას ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი აჩვენებს. სხვა შემთხვევაში, იმაზე, რაც არ არის სერიოზული, იმაზე ადამიანები არ წუხან. ის, რომ დღეს სამთავრობო ტელევიზიები – „იმედი“, „პოსტივი“, „რუსთავი 2“ – ამ თემაზე კომენტარებს ითხოვენ, მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან აფუთფუთდნენ და შეშფოთდნენ. კი აქვთ ნერვიულობის საფუძველი.

კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტიკის გარეშე, გვარებს ჯერ არ დავასახელებ [/su_quote]

– განაცხადა ეკა ბესელიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....