ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტმა მინდია ესაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტმა კონსტანტინე (მინდია) ესაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, კინოაკადემიის გვერდზე დაწერა.

„მსურს მივმართო კინოაკადემიის ძვირფას წევრებს, პატივცემულ კოლეგებს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა. კინოაკადემიას სჭირდება თავდაუზოგავი შრომა და ყოველდღიური ჩართულობა მის ფუნქციონირებაში. სამწუხაროდ, თუ, პირადად ჩემთვის, საბედნიეროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უმეტესად, მიწევს საზღვარგარეთ მოღვაწეობა – როგორც მოქმედ კინოოპერატორს არ აღმომაჩნდა საკმარისი დრო, მივიღო სრულფასოვანი მონაწილეობა კინოაკადემიის ცხოვრებაში.

ჩემი პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში მრავალი კეთილი საქმე გაკეთდა და ამისი უშუალო შემოქმედი და შემსრულებელი იყო აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა ნიკა აბრამიშვილი. ვუხდი მას განსაკუთრებულ მადლობას გვერდში დგომისა და ასეთი ზრუნვისთვის, უამრავი სიკეთისთვის, რაც გაკეთდა. მადლობა ყველას, ვინც დამიჭირა მხარი წინა არჩევნებში. იმედი მაქვს, დანიშნული არჩევნების შემდეგ მოსული ახალი პრეზიდენტი ღირსეულად გაართმევს თავს მის მოვალეობას და მრავალ ახალ ინიციატივას შესთავაზებს აკადემიის წევრებს და კინო მოღვაწეებს. ვუსურვებ კინოაკადემიას წარმატებებს!“, – აღნიშნავს ესაძე.

იტვირთბა....