aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, თუმცა მას აღსრულება, განხორციელება სჭირდება – EU-ს ანგარიში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს“.

EU ხაზს უსვამს საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებებით წინსვლაზე და აღნიშნავს, რომ საჭიროა ძალისხმევა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით.

„საქართველო

1. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა: საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ეს პრიორიტეტები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს.

ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

2. ევროკავშირის მოქმედება – საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ევროკავშირი საქართველოში სამუშაოდ ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ევროკავშირის სამოქმედო გეგმით 2020-2024 წლებისთვის. 2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რომ მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს. ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტი თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე.

3. ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობა: 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური დიალოგი 2022 წლის ივნისში გაიმართა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საქართველოს წახალისების მიზნით, შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის HumanRights4all პროგრამის ფარგლებში. მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა, ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება. ევროკავშირმა შემოიტანა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, რომლებსაც სტრატეგია არ ითვალისწინებდა, როგორიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

4. ევროკავშირის ფინანსური ჩართულობა: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციებზე იყო ადამიანის უფლებების სფეროში მასშტაბური პროგრამების განხორციელებისა და სისტემური საინფორმაციო – საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. ძირითადი დახმარება EU4Human Rights პროგრამის ფარგლებში განხორციელდა (11 მილიონი ევრო). პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავ ორგანოებზე შიდა და გარე ზედამხედველობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.

2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კარგი მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მძლავრ გამტარებელს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ქვეყნის მიხედვით მხარდაჭერის სქემების (CBSS) ფარგლებში მიღებული გრანტებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ჯანმრთელობის უფლება, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა და ასევე თანაბარი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში.

ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას ამ სფეროში ავსებს ევროკავშირის მიმდინარე რეგიონული პროგრამა EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით. სასამართლო სისტემის რეფორმებს მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა კარგი მმართველობისთვის PGG II, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს. საქართველოში განხორციელებული კომპონენტები სასამართლოსა და სასამართლოს ადმინისტრირების, სტატისტიკის შეგროვების, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, უზენაესი სასამართლოს, დამოუკიდებელ ინსპექტორის და სხვების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.

5. მრავალმხრივი კონტექსტი: საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა. იგი არჩეული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლებისთვის. 2022 წლის მარტში, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაგრძელების შესახებ, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციით, ადამიანის უფლებათა კომისარი სთხოვდა უმაღლეს კომისარს წარმოედგინა განახლებული ინფორმაცია (ზეპირი მოხსენების სახით) და წერილობითი ანგარიში ორ თვითგამოცხადებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოვლენებთან მიმართებაში.

9 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საშუალებით მე-15-ჯერ მიიღო საქართველოს რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის შესრულებას აკვირდება და რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტმა. საქართველოსთან ამ დიალოგების დროს გაეროს შესაბამისმა საკონვენციო ორგანოებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევებთან დაკავშირებით და ასევე სხვა გამოწვევებთან მიმართებაში COVID-19 პანდემიის კონტექსტში„, – ავკითხულობთ დოკუმენტში.

იტვირთბა....