სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქართველი პოლიციელი რუსული საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ზე იმყოფებოდა.
ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მედიასთან განმარტება გააკეთა.
„ნებისმიერი საკრუიზო გემი, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, არის სტანდარტული პროცედურა , პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე“, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.
Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.
გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.