ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დაიკო, ჩვენი გამოჩენა არ შეიძლება“: „მეტრონომის“ დეტალური რეპორტაჟი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე

თსუ-ს სტუდენტური პროტესტი დღეს უფრო ფართომასშტაბიანი იყო. ძირითად აქციას, რომელთა მოთხოვნა გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატურის მოხსნა და ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტის მოსპობა იყო, მეორე – კონტრაქციაც შეუერთდა. კონტრაქცია, ასევე 12 საათზე დაიწყო და ის თვითმმართველობის წევრებისა და მათი მომხრეების მხრიდან  იმართებოდა.

IMG_7936

ერთსა და იმავე დროს „დამთხვეულ“ აქციას ორივე მხარე სხვადასხვანაირად ხსნიდა. როგორც ერთი, ასევე მეორე მხარეც ამბობდა, რომ ეს დამთხვევა არ იყო.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას თვითმმართველობის პრეზიდენტმა განაცხადა, მოპირისპირე აქციის მონაწილეებმა მათი შიდა ჯგუფიდან ინფორმაცია მოიპოვეს და აქცია მათ დროს სპეციალურად დაამთხვიეს. ხოლო იმ აქციის მონაწილეები, რომლებიც 7 მარტიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივისტურ ცხოვრებაში, ამბობდნენ, რომ კონტრაქციის წევრები მწარედ იტყუებიან – მათი მხრიდან აქციის დრო და  ადგილი 3  დღით ადრე დაანონსდა.

ორ საპირისპირო აქციას უნივერსიტეტის ეზოში დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები ყოფდნენ. ორივე მხარე თავიანთ მოთხოვნებსა და ლოზუნგებს აქტიურად გაჰყვიროდა. ერთი ის იყო, რომ კონტრაქციის მონაწილეებს აშკარად უფრო მაღალხმოვანი აპარატურა ჰქონდათ მიტანილი და ამით მთავარი აქციის მონაწილეების ხმას ფარავდნენ.

IMG_7990

თვითმმართველობის წევრები და მათი მომხრეები უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, პაპავამ თსუ-ში ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის შესახებ იცოდა და ამაზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა.

მოგვიანებით, კონტრაქციის მონაწილეები უნივერსიტეტის უკანა შესასვლელისკენ გაემართნენ და იქიდან სცადეს აქციის გაგრძელება. დერეფნებში კი მათ ძირითადი აქციის მონაწილე სტუდენტები ცოცხალი ჯაჭვით დახვდნენ. სწორედ ამ დროს მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 5 წუთში კი იქ მივიდნენ პოლიციის და დაცვის თანამშრომლები და სიტუაცია განმუხტეს. ადგილზე ასევე მივიდა რექტორი ვადიმერ პაპავა, რომელიც დაცვის თანამშრომლებს დავალებებს აძლევდა და სტუდენტებს დაპირისპირებისგან თავის შეკავებას სთხოვდა. მოგვიანებით, მთავარი აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის შენობაში რამდენიმე ადგილას განლაგდნენ და კონტრაქციის მონაწილეებს მთავარი აქციის მონაწილე სტუდენტებთან არ უშვებდნენ.

IMG_8042

ორივე ძალა მობილიზებული იყო რექტორის კაბინეტთან. დროდადრო, რამდენჯერმე კონტრაქციის მონაწილეები პოლიციისა და დაცვის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას და ხან სტუდენტებთან მისაახლოებლად, ხანაც რექტორის გადადგომის მიზნით, მის კაბინეტში შესვლას ლამობდნენ. თუმცა, პოლიციელები მათ უძალიანდებოდნენ და ორივე მხარეს ერთმანეთთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაფრინდაშვილმა განცხადება მისი უკან დახევის შესახებ გააკეთა და კანდიდატურა მოხსნა. ამ ამბავმა აქციის მონაწილეების ერთი მხარის დიდი სიხარული, ხოლო მეორე მხარის სინანული გამოიწვია. მთავარი აქციის მონაწილეებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თქვეს, რომ თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები იმყოფებოდნენ. მათ მომხდარზე,  სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი თავიდან ვერ აცილების გამო დააკისრეს, ხოლო პრემიერსა და პრეზიდენტს კი პროცესებში ჩართულობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ერთი მოთხოვნა უკვე შესრულებულია – გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აქციებს შეწყვეტენ.

IMG_8252

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას სტუდენტები ამბობდნენ, აქციებს იქამდე გააგრძელებენ, სანამ უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ არსებობის შესახებ გამოძიებას არ დაიწყებენ, ხოლო რაც შეეხება თვითმმართველობას, ისინი მათი იმპიჩმენტის საკითხს აყენებენ.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ორივე მხარე ობიექტურად გაგვეშუქებინა, თუმცა კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც გაურკვეველი წარმომავლობისა იყვნენ, ფოტოს გადაღებაზე უარს აცხადებდნენ და მათი გადაღების ნებას მხოლოდ სახეზე აფარებული ნიღბების შემთხვევაში გვაძლევდნენ. ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო თუ რატომ მალავდნენ ისინი სახეებს, მათგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: „დაიკო, ჩვენი გამოჩენა არ შეიძლება“, თუმცა კითხვაზე, თუ რატომ არ იყო მიზანშეწონილი მათი სახეების გამოჩენა, არ გვპასუხობდნენ.

მოგვიანებით, რექტორთან სტუდენტები სასაუბროდ შევიდნენ, ესენი იყვნენ თვითმმართველობის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, მთავარი აქციის ორგანიზატორები: გვანცა ხონელიძე, ლევან ლორთქიფანიძე, ირაკლი რუხაძე და სხვები. სანამ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, კონტრაქციის მონაწილეები რექტორის კაბინეტში შესვლას და მის გადადგომას მოითხოვდნენ. სწორედ ამიტომ აწვებოდნენ ორ აქციას შორის მობილიზებულ პატრულისა და დაცვის თანამშრომლებს. ერთ პერიოდში მათ მოახერხეს პაპავას კაბინეტთან მისვლა და კარზე ბრახუნით შეეცადნენ იქ შეღწევას, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წუთში პატრულმა მათი უკან დახევა შეძლო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი მთავარი აქციის წარმომადგენლები მშვიდად იდგნენ და კონრტაქციის მონაწილეებს მოძალადეებს უწოდებდნენ.

IMG_8221

მოგვიანებით პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ  პოლიტიკური პარტიის სახელით შიდასაუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა მიუღებელია.

„სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს გამართულ აქციაში. ხაზგასმით ვაცხადებთ, ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აქტუალურ საკითხზე, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია პოლიტიკური პარტიის სახელით შიდასაუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა.მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო ავტონომია მკაცრად უნდა იყოს დაცული.   წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მმართველი პარტია საუნივერსიტეტო რესურსის თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა. პარტია მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც გული შესტკივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ასევე, ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია პრობლემების გადაჭრის ძალადობრივი გზა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართ”- ნათქვამია განცხადებაში.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება და მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაციას კვლავ მოგაწვდით.

ნინო ცხადაია

IMG_7939IMG_7936IMG_7986IMG_7963IMG_7949IMG_7990IMG_8042IMG_8159IMG_8092IMG_8081IMG_8113IMG_8121IMG_8162IMG_8194IMG_8221IMG_8207IMG_8230IMG_8252IMG_8261IMG_8286IMG_8325IMG_8290IMG_8308IMG_8352IMG_8410

 

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....